Image
ალბათ ხშირად მოისმენდით, ან უფრო მეტად – Facebook-ის სტატუსებში გადააწყდებოდით შემდეგი შინაარსის კომენტარებს:
–          საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ
–          ჩვენთან ყველაფერი მარაზმშია გადასული
–          Suck-ართველო
–          ნეტა სადმე უცხოეთში ვცხოვრობდე, ყელშია უკვე აქაურობა
–          მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ
–          და სხვა მრავალი ”მარგალიტი”
პირველ რიგში სასაცილოა მსგავსი კომენტარების მოსმენა ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც საზღვარი არასდროს გადაუკვეთავთ და ოცნებობენ ისეთ ევროპაში, ან ამერიკაში ცხოვრებას, რომელიც არასდროს უნახავთ და არ იციან რა დახვდებათ.
Image
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი ტიპის კომენტარები გვხვდება ”ფსევდო-პრადვინუტი”, თანამედროვე აზროვნებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანების მიერ, მაგრამ:
–          ვინმემ აგიკრძალათ სექსი, გართობა, თავისუფლების ნებისმიერი ფორმით გამოხატვა?
–          საქართველოს ბრალია ის, რომ 30 წლამდე ვდგავართ ბირჟაზე, შემდეგ ყოველგვარი დამწყები პოზიციის გარეშე გვინდა მენეჯერული პოზიცია, ვერ ვშოულობთ და გარემო პირობებს ვაბრალებთ?
–          დაასახელეთ მინიმუმ სამი გართობის ისეთი საშუალება, რომელიც მთელ ევროპაში გვხვდება, მაგრამ ჩვენთან მიუწვდომელია!
ჰოდა, მაშინ, რაში გამოიხატება ჩვენი ქვეყნის დაბალი დონე და რატომ გვრცხვენია, რომ ქართველები ვართ?!
გარდა ამისა, როცა ვითხოვთ, რომ პატივი გვცენ, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვცეთ პატივი, ძალიან უხერხული მომენტია, როცა ჩამოსულ ტურისტს, რომელიც აღფრთოვანებულია ჩვენი სამზარეულოთი, ისტორიით, სანახაობებით, ტრადიციებით და ა.შ. ვუკარგავთ ყოველგვარ პოზიტივს ჩვენი გონებრივი ჩამორჩენილობის, მოძველებული მენტალიტეტის და მრავალი ფობიის შესახებ ინფორმაციით.
Image
ბუნებრივია, ისევე, როგორც სხვა ყველაფერს, ქვეყანასაც შეიძლება ჰქონდეს ბევრ დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითიც, მაგრამ რატომ ვართ მოწადინებულები, რომ მხოლოდ უარყოფითზე ვისაუბროთ და ამით ხაზი გადავუსვათ ყველაფერს?
ლოგიკა მარტივია, გავავლოთ პარალელი: თუ გადახედავთ უარყოფით სტატიებს, სადაც გვაქვს საბაბი, რომ ვინმე უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღოთ – აქვს მინიმუმ 10-ჯერ მეტი კომენტარი, როცა პოზიტიურ, ხარისხიან სტატიებს  – სადაც უბრალოდ უნდა შევიმჩნიოთ ხარისხიანი ნამუშევარი – გაცილებით ნაკლები გამოხმაურება აქვს.
შესაძლებელია გვქონდეს ერთგვარი კომპლექსი, რომლის მიხედვითაც სხვისი აუგი ჩვენ გამოგვაჩენს დადებითაც მათ ფონზე, მაგრამ რთული მისახვედრია, როცა ჩვენივე ქვეყანას ვაძაგებთ და ამავდროულად ჩვენც მისი შემადგენელი ნაწილი ვართ – ეს პირადად ჩვენ და ჩვენს გარშემომყოფებსაც ეხება?
Image
მოგცემთ მარტივ რჩევას ჩვენი ქვეყნის, ამ შემთხვევაში, როგორც ტურისტებისთვის საინტერესო ადგილის შემეცნებისთვის:
–          შეხვდით ვინმე ევროპელ ტურისტს და ერთი ან ორი დღით დაეხმარეთ ქალაქის შეცნობაში, შემდეგ მოისმინეთ მისი შთაბეჭდილებები თბილისთან, თუ სხვა რეგიონებთან დაკავშირებით
–          იმოგზაურეთ და გააკეთეთ შედარება;
–          გაეცანით საქართველოს ისტორიას და ლიტერატურას;
–          აიღეთ ქალაქის რუკა და სცადეთ დაეხმაროთ ტურისტებს მნიშვნელოვანი სანახაობების პოვნაში…
–          დააბანდეთ დრო განათლებაში, განვითარებაში, მიაღწიეთ წარმატებას და მოიპოვეთ კომფორტი თქვენივე, შეუძლებელი არაფერია და არც ე.წ. ”საზღვარგარეთია” სამოთხე ყველასთვის.
და ბოლოს, მიუხედავად არაერთი დოგმისა, რომელიც მრავლად მოგვეპოვება ქვეყანაში და ამაში ტრაგიკული არაფერია – მე მიყვარს და მეამაყება ის, რომ ვცხოვრობ საქართველოში!
წარმატება მისურვებია.