Image
ქართულ რეალობაში არსებული მრავალი სხვა „ეგზოტიკურ“ წეს-ჩვეულებებთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუქსაც განსხვავებული, ხშირად გაუგებარი ფორმით ვიყენებთ, ამის ნათელი მაგალითია ჩამოთვლილი ტოპ 5 გადახრა, რომელსაც ხშირად შეხვდებით თქვენივე „ფრენდების“ პროფილებზე:
1. საერთო ფეისბუქი – ვერ ნახავთ ევროპის ვერცერთ ქვეყანაში მსგავს ”ეგზოტიკას”. და რეალურად, რა არის ამის მიზეზი, ანუ რა სარგებლობა მოაქვს საერთო ფეისბუქს?
პირველი, ალბათ ნდობის ხაზგასმაა, რამეთუ, როცა ერთსა და იმავე ინბოქსს კითხულობთ ორივე, ამით გამოირიცხება სხვასთან ფლირტის ალბათობა, აღარაფერს ვამბობთ ღალატზე, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ ორივეს (განსაკუთრებით ბიჭს, რაკი ისევ და ისევ საქართველოა) კიდევ ერთი, ინდივიდუალური პროფილიც აქვს გახსნილი.
საინტერესო ფენომენია ისიც, რომ განშორების მერე, უცნობია ვის რჩება აღნიშნული საერთო ფეისბუქი. დისკომფორტია მიმოწერისთვის, იქნებ ბიჭია შენი ახლო მეგობარი და გოგონას შორიდან იცნობ, გინდა რაღაც მიწერო და მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი, ვინ ზის კომპიუტერთან – თავს იკავებ მიწერისგან. ანალოგიური უცნაურობა ახასიათებთ პაროლების გაცვლასაც, ერთს რომ წერ და მთელი ოჯახი კითხულობს, საოცრად კომფორტულია, არა? 🙂
ნდობაზე არანაკლები მიზეზი ”პეროც” შეიძლება გახდეს, რამეთუ დაე სრულიად ფეისბუქის სოციუმმა უნდა გაიგოს, რომ ”მე შეყვარებული მყავს”
წარმოვიდგინე, რომ ურთიერთობის 6 თუ 10 წლის თავზე, მეგობარი გოგონა/ცოლი მთხოვს, რომ ნდობის ნიშნად პაროლები გავცვალოთ, ან საერთო პროფილი გავაკეთოთ! მეორე კადრად რატომღაც ბარგის ჩალაგების პროცესს ვხედავ:)
2. ყველაზე ლამაზები – მსგავსი ფეიჯები, თუ პროფილები მხოლოდ საქართველოში თუ შეგვხვდება, ფეიჯის ავტორსაც მარტივად ამოიცნობთ, შემდეგი მეთოდით:
Image
ა. შედით ფოტოებში და დაათვალიერეთ;
ბ. დაახლოებით ალბომის შუა ნაწილში, იპოვეთ ყველაზე ულამაზო და უგემოვნო გოგონა;
გ. ფოტოს აღწერაზეც თუ მსგავსი კომენტარი უწერია „უცხოა“, „საყვარელია“ – (ზოგს აქვს სინდისის შეგრძნება და მთლად „ლამაზს“ ვერ უწოდებენ საკუთარ თავს) – ე.ი. სწორ კვალს მიაგენით!
 3. ყველა დეტალის აფიშირება – მაგალითად:
–         გაღვიძების სხვადასხვა მიმიკა;
–         რესტორნების, თუ ბარების დახლთან, მაგიდებთან, დერეფანში გადაღებული და მომენტალურად ატვირთული ფოტოები;
–         კერძის მომზადების პროცესის სრული აღწერა ფოტოებით, დაწყებული ხახვის დაჭრიდან, დამთავრებული ბოლო ამორევით;
–         სხეულის ცალკეული ნაწილების სათითაო ფოტოსესია;
–         შიმშილის, წყურვილის, ტკივილის და სხვა ყოფითი შეგრძნებების/ემოციების საზოგადოებისთვის „განდობა“
–         ორაზროვანი კომენტარები, საკუთარი პერსონის უფრო საინტერესოდ წარმოჩენისთვის, მაგალითად: „მიყვარხარ, შენ“ (მაგრამ ეს „შენ“ რეალურად არც არსებობს), „რა ცუდად ვარ, არაფერი მკითხოთ“ (თუ არ გინდათ, რომ გკითხოთ, რაღაზე პოსტავ საჯაროდ) და ა.შ.
4. დღესასწაულების ”ორიგინალური” მოლოცვა, რომელიც ყველას ყელში გვაქვს და მაინც „გვთაგავენ“:
–         ვალენტინობის, ან რომელიმე სხვა სიყვარულის დღეს – ისარგარჭობილ ქულებზე, ყვავილების თაიგულებზე და ა.შ> მთელი ფრენდ ლისტის მონიშვნა;
–         აღდგომას – ჯეჯილებზე და წითელ კვერცხებზე მონიშვნები;
–         ახალ წელს – ნაძვის ხის, თუ ფერადი სათამაშოების ფოტოზე მონიშვნები;
–         ყველა რელიგიურ დღესასწაულზე, რომელიც არც ისე დეფიციტურია ჩვენს ქვეყანაში შესაბამის ხატზე მონიშვნა…
5. აბსტრაქტული ემოციები: სიყვარული, სიძულვილი, პატიება და ა.შ. მაგალითად: „მიყვარხარ მე შენ“, „ვეღარ გიტანთ“, „გთხოვ მაპატიე“ „იმ ერთს ეძღვნება“ და ა.შ. როცა რეალურად ადრესატი უცნობია, დიდი შანსია არც არსებობდეს და მაინც, გვიყვარს „ინტრიგა“ და ხალხის საგონებელში ჩაგდება.
არანაკლებ დიდი უბედურებაა, როცა საზოგადოების ნაწილი მართლაც რომ საგონებელში ვარდება და დიდ ხანს იმტვრევენ თავს, თუ ვის ეძღვნებოდა ესა თუ ის პოსტი.
ინტრიგის კიდევ ერთი, ბანალური მაგალითია, საპირისპირო სქესის პროფილის გახსნა და ხოტბის შესხმა საკუთარი თავისთვის, ძირითადად ვხვდებით ისეთი გოგონების მიერ, ვისაც აქვთ თაყვანისმცემლების დეფიციტი და ”თვითმარქვია” პრინცესას გამოგონილ სამყაროში ცხოვრობენ.
საერთო ჯამში, შეიძლება მსგავსი კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა, რასაც მკითხველს მივანდობ, შეგიძლიათ თემა განავცროთ, კომენტარებში…
წარმატება მისურვებია!