Image
ყველაფერი საკმაოდ უცნაურად დაიწყო. ბრიუსელიდან პარიზამდე საერთო მანქანა ვიქირავეთ. ყველას დაასწრო და წინ მოკალათდა, შემდეგ უკან, ჩემ გვერდით მსხდომ ორ მგზავრთან და მძღოლთანაც ხალისით მასლაათობდა, რითაც საკმაოდ გამაღიზიანა.
ვეცადე დამეძინა, მაგრამ რამდენჯერმე მისმა აღტაცებულმა შეძახილებმა გამომაღვიძა, თან რამდენჯერაც წამოვხტი, იმდენჯერ მისი მზერა შემრჩა და თვალებში მოელვარე ნაპერწკლები, თითქოს ამას შეგნებულად აკეთებდა, მსჯიდა ჩემი უყურადღებობისთვის და ამით ძალიან ერთობოდა.
პარიზში მონპარნასის მეტროსთან დაგვტოვეს. აღმოჩნდა, რომ ჩემი გაჩერება საკმაოდ შორს იყო ამ ადგილიდან. დაბნეული დავბორიალობდი მეტროს ტერიტორიაზე და ისევ ის – ღიმილით მოვიდა და მკითხა, პირველად ვიყავი თუ არა პარიზში.
მეორედ – ვუპასუხე მოკლედ, 1 დღით ჩამოვედი, მერე ამსტერდამში და ბრიუსელში გადავედი და ახლა დავბრუნდი, რომ ეს სამი დღე აქ გავატარო…
-დიდო მოგზაურო – გადაიხარხარა მან და მხარზე ხელი წამომარტყა. – სად მიდიხარ?
“გიჟია” – გავიფიქრე და გამაღიზიანა ასეთმა გაშინაურებამ უცნობი ადამიანისგან. თან გამახსენდა, რომ ჩემს მეგობარს საღამოს 9 საათზე უნდა შევხვედროდი, ჯერ კი მხოლოდ დილის 11 საათი იყო.
ვუთხარი…
-იცი, მე მცალია რამდენიმე საათით და შემიძლია, აქაურობა დაგათვალიერებინო – ჩამხედა თვალებში და რაღაცნაირი ბავშვური მიამიტობა დავიჭირე მის მზერაში, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩემს მზერაშია, რომ ტყუილს ვამბობ …
-“ნეტა რა უნდა”? – გავიფიქრე, მაგრამ იმდენად მომეწონა იდეა, რომ ვიღაც დამეხმარებოდა ამ ყველაფერში, რაკი რუკებთან არც ისე ვმეგობრობ და ორიენტაციის უნარიც, ფაქტობრივად, არ მაქვს – ამ ამბავმა ძალიან გამახარა.

  • ჯერ ეიფელი ვნახოთ – ხელი ჩამკიდა. კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ გიჟია…

-ასე საზეიმო ჩაცმული რატომ მოგზაურობ? – მკითხა ისევ მიამიტი მზერით და მერე ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ასე უფრო კომფორტულად ვარ! – რაც შეიძლებოდა დამაჯერებლად ვუპასუხე, თუმცა ამ კითხვამ მეც დამაფიქრა.
-თუ ფოტოებზე რომ კარგად გამოიყურებოდე? ჰა!
გავბრაზდი, ერთი საათის ნაცნობმა რომ ასე იოლად გამშიფრა და გულის სიღრმეში დავეთანხმე, მაგრამ “არა მხოლოდ ფოტო, ზოგადად, ქუჩაში რომ კარგ ფორმაში ვიყო”, – ვეცადე არგუმენტები მომეშველიებინა. და ისიც შევათვალიერე… შავი, სპორტული შარვალი ეცვა, თეთრი, მოკლესახელოებიანი მაისური და აჭიმები, ქუდი ეხურა და არავითარი მაკიაჟი. ფეხზეც – ბოტასი, აი “დაროშკაზე” სირბილის დროს რომ იცმევენ, ისეთი.
“ნეტა, რა ჰქვია?” – გავიფიქრე და თითქოს ესეც წაიკითხა და დამასწრო.
-რა გქვია?
-გურამი, შენ?
-ფელისა, ფელისა ალმა. ფელისა – ბედნიერებას ნიშნავს, ალმა – სულს. გურამი რას ნიშნავს?
-არ ვიცი!
შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით: ჩემი პროფესიების შესახებ როცა გაიგო: ლექტორობა, ბიზნესი, პროექტის მენეჯერი – გაეღიმა და მითხრა, რომ თავიდანვე შემატყო და ჩემ გარდაქმნას შეეცდებოდა.
თვითონ ქუჩის მსახიობი და მუსიკოსი იყო, თავის გუნდთან ერთად ქალაქებში დადიოდა, ქუჩის პერფორმანსებს მართავდა და ამით ძალიან ბედნიერი იყო.
მოულოდნელად მომიტრიალდა: – ახლა თვალები უნდა აგიხვიო!
გამიკვირდა და დავთანხმდი. სასწრაფოდ მოიხსნა თავისი ყელსახვევი და ისე მაგრად “გამკოჭა”, რომ სუნთქვა მიჭირდა.
დაახლოებით 10 წუთი ფეხით მატარა, შემდეგ გავჩერდით.
რამდენიმე წუთით გაქრა და უცებ ისევ მისი მხიარული ხმა ჩამესმა: პირი გააღე!
გავაღე და რაღაც უცნაური საკვები “ჩამტენა”.

  • ძალიან გემრიელია, – არ დავმალე აღტაცება და კიდევ მოვკბიჩე.

თვალები როცა “ამიხილა”, აღმოვაჩინე, რომ ერთი მიყრუებული ქუჩის საცხობთან ვიდექით, ჩვენ გვერდით კი მაწანწალები ბედნიერად ილუკმებოდნენ.
-მოვიწამლები, – ვუყვირე გაბრაზებულმა.
ფელისა სიცილისგან ცახცახებდა. “შენ არ მითხარი, ძალიან გემრიელიაო”?
შემდეგ საერთო ინტერესებიც აღმოვაჩინეთ: მასაც ჩემსავით უყვარდა ჰიუგო, ერთად შევედით მის სახლ-მუზეუმში და დავათვალიერეთ.
-როცა მარტო მოგზაურობ, ფოტოებს ვინ გიღებს? – მომიტრიალდა უცებ.
-ხალხი… თან სულ გოგონებს ან მოხუცებს ვარჩევ, კამერიანად თუ გაიქცევიან, რომ დავეწიო, – ვუთხარი და გამეღიმა.
-მარტო მინდა ყოფნა! – გამომიცხადა მოულოდნელად, – რამდენიმე ფოტოს გადავიღებ და მოვალ, გასასვლელში შევხვდებით.
დავიბენი, მაგრამ არაფერი მითქვამს.
გასასვლელთან ვიღაც უცნობი, ქერა გოგონა მომიახლოვდა და წერილი გადმომცა.
“ძალიან კარგი იყო შენთან, მაგრამ ხანდახან გოგოც საშიშია. გააჩნია, რამდენად ჭკვიანია… მადლობა კამერისთვის, საკმაოდ კარგ ფასად გავყიდი და ერთი დღით დავისვენებ. სიყვარულით – ფელისა.”
ძარღვებში სისხლი გამეყინა. გარეთ გამოვვარდი, რომ დავწეოდი და მიმეხრჩო.
უცებ უკნიდან ნაცნობი ხარხარი მომესმა.

  • იდიოტო! – მომაძახა გამარჯვებული ხმით და კამერა კისერზე ჩამომკიდა. – ვახშმის დროა!

ფრანგულ რესტორანში შევედით. უკვე საერთოდ აღარ მაღიზიანებდა მისი ხმაურიანი ყავის სმა ან ჭამის დროს თითების ლოკვა. ვუყურებდი და მეღიმებოდა. მთელი ქალაქი მოვიარეთ ერთად და ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ განსხვავებული სამყაროთი.
მოსაღამოვდა.

  • ჩემი წასვლის დროა, – გამომიცხადა ფელისამ, – ხვალ გნახავ. ზუსტად დილის 9-ზე გელოდები მონმარტთან! თუ დააგვიანებ – წავალ.

  • ნომერი?

  • არ არის საჭირო, ასე უფრო საინტერესოა, – ვერაფრის თქმა მოვასწარი, წამებში გაუჩინარდა.

ღამით მეგობარს შევხვდი, რომელმაც მეორე საღამოს სხვა მეგობრის სახლში დამპატიჟა წვეულებაზე, იქვე დავრჩი, მაგრამ ცუდად მეძინა უცნაურად ემოციური დღის შემდეგ.
Image
მეორე დილით, 2 საათით ადრე, მეტროში ისტერიულად ვეძებდი მონპარნასის მეტროს გაჩერებას. როგორც იქნა, ვიპოვე და შეხვედრის ადგილზე 20 წუთით ადრე გამოვცხადდი. ფელისა ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა.
მეორე დღეც არანაკლებ საინტერესო იყო და უფრო აზარტული (თუმცა იყო ერთი უცნაურობა, ფელისა ფოტოებს ცოცხალი თავით არ იღებდა!)
შემომთავაზა, რომ ინვალიდების სასახლეში უბილეთოდ შევპარულიყავით. – დაგვიჭერენ! – გავაპროტესტე და კიდევ ერთხელ დამცინა. “როცა კარი გაიღება და ვინმე გამოვა, იქიდან შევალთ. იქ დაცვაც არ დგას, ბიზნეს ბოი!” ვერ გავაპროტესტე და შევყევი.
მერე შევედით სუვენირების მაღაზიაში, სადაც რამდენიმე სუვენირი ვიყიდე. გამოსვლისას ეიფელის შუშის ქანდაკება ჩამიდო ხელში.
-ამის ყიდვა როდისღა მოასწარი? – გამეღიმა.
-მოვიპარე, – მომახალა სიცილით.
-გაგიჟდი??????
მომდევნო 7 წუთი ისტერიულად გავრბოდით და თან მეცინებოდა ჩემ თავზე, ნეტა ამ დროს ვინმეს დავენახე… რა რეაქცია ექნებოდათ? მერე გაწვიმდა. სანამ რამეს შევეფარებოდით, დავსველდით. იქვე, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში ნაყიდი, თეთრი პულოვერი ამოვიღე, წარწერით ITALIA და ჩავიცვი.
-იტალია პარიზში! – ჩავილაპარაკე ღიმილით.
-დამშვიდდი, ბიზნეს ბოი, აქ არავინ გხედავს!..
შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელში სინატრას “სამსინგ სთუფიდ” ვიმღერეთ – “საინტერესო რაღაცები შეგძლებია” (პირველად შემაქო)… კიდევ ერთხელ გამეცინა საკუთარ სიგიჟეზე.
საღამოს იმ სახლის მისამართი ჩაინიშნა, სადაც წვეულება უნდა გამართულიყო… იქაც ასევე ზუსტ დროს გამოცხადდა.
ეს უკვე გაცილებით სხვა ფელისა იყო – დავარცხნილი, კაბით, მაღალ ქუსლებზე. პირველად აღვიქვი, როგორც ქალი, მაგრამ ვაღიარე ისიც, რომ მანამდეც ძალიან მიზიდავდა. ღარიბულად, მაგრამ გემოვნებიანად ეცვა.
წვეულებაზე ერთ, შედარებით ბნელ კუთხეში მოვთავსდით, სხვა სტუმრები ხალისით მესაუბრებოდნენ.
-პოპულარული ბიჭი, – ხელი გამკრა ფელისამ. – მე შენი ღირსი არ ვარ (გაეღიმა).
-რა სისულელეა, როგორც უცხოელს, უცნაური ქვეყნიდან, მაქცევენ ყურადღებას.
-რამდენი წლის ვიქნები? – თემა შეცვალა უცებ.
-არ მიფიქრია, 25-ის?
-25-ის შენ იქნები, მე 34-ის ვარ.
-ხუმრობ?
-არა, მთავარი არ არის ასაკი. აი, შენ 25 წლის იქნები და უკვე ბებერი ხარ, მე გაგაახალგაზრდავე – დამცინა კიდევ ერთხელ.
მომდევნო ნახევარ საათში თითქმის დავრწმუნდი, რომ მიყვარდა. თავის ტელეფონის ნომერს და მისამართს ცოცხალი თავით არ მაძლევდა.
დავლიეთ. მისი თავი მუხლებზე მედო და თმაზე ვეფერებოდი, როცა მოულოდნელად წამოდგა და და ცივად მომახალა:
მე არ მჯერა ერთი ნახვით შეყვარების!
მერე უცებ სახე ძალიან ახლოს მომიტანა და ჩურჩულით დააყოლა: მაგრამ მე ხომ უკვე ოთხჯერ გნახე!
სტუმრები სვამდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ჩვენ დაღლილებს ოთახის კუთხეში, იატაკზე, რბილ ხალიჩაზე ჩაგვეძინა. როცა გამომეღვიძა, წვეულება ისევ ისე გრძელდებოდა, მაგრამ… იყო ერთი “მაგრამ”…
ფელისა არსად იყო, მის ნაცვლად ხელში ფურცლების ნაგლეჯი მეჭირა, სადაც გაკრული ხელით ეწერა:
Sorry my lovely boy, I am married…
მოულოდნელად ნოტრდამთან მდებარე ბოქლომებიანი ხიდი გამახსენდა, სადაც ერთად გავედით გაცნობისას და მან მითხრა, რომ სურვილი ჩამეფიქრებინა.

  • ამ სისულელეების არ მჯერა – ვუპასუხე და მაინც: ჩავიფიქრე, რომ ეს ქალი რაც შეიძლება მალე მომშორებოდა…

ბოქლომებმა ჩემი სურვილი შეასრულეს…