აპრილის დასაწყისი იქნებოდა, როცა სახლში მისულს დედა დამხვდა და მომიყვა, რომ „სტუმრები“ გვყავდნენ ყაზტრანსგაზიდან, რომლებსაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ ბუნებრივ აირს არარეალურად მცირე ოდენობით მოვიხმარ, შესაბამისად „მე გაზს ვიპარავ“, იქვე მოხსნეს მრიცხველი და წაიღეს, მოატყუეს დედა, რომ ამას ექსპერტიზის ჩასატარებლად და ჩემი სიმართლის დასადგენად აკეთებდნენ.
გამეღიმა და დავპირდი, რომ უახლოეს დღეებში შევირბენდი და ავუხსნიდი, რომ მარტო ვცხოვრობ, სახლში თითქმის არ ვარ და სწორედ ეს არის მიზეზი.
დედაჩემმა მომცა ვინმე გელას ნომერი, რომელმაც თავაზიანად ამიხსნა, რომ კომპანია მომცემდა გაფრთხილებას და დამაჯარიმებდა, რაზეც გავცეცხლდი და მოვითხოვე წერილობითი მომართვა ამის თაობაზე, რომ შემძლებოდა ჩივილი, რაზეც დამეთანხნენ.
1
ამის შემდეგ დაიწყო სრული განუკითხაობა:

  1. გაფრთხილების წერილი მომიტანეს 14 რიცხვში, ხოლო თარიღი ეწერა 8 და გასაჩივრების ვადა მქონდა 10 დღე, ანუ გამოდიოდა, რომ 10 დღის ნაცვლად იძულებულს მხდიდნენ 1.5 დღეში გამესაჩივრებინა, ანუ ვადა 18 რიცხვამდე მრჩებოდა, რომელსაც კიდევ ორი დღე უნდა დავაკლოთ სააღდგომო დასვენებების გამო. თან მეორე დღეს ჰელსინკში მივფრინავდი და ფიზიკურად ვერ მივიდოდი საჩივლელად, თარიღიც არ გადამიწიეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანება მათი მიზეზით მოხდა. და კიდევ, 10 კალენდარული და არა სამუშაო დღე, როცა ამ ათ დღეს, დაგვიანების გარეშე მოტანის შემთხვევაშიც კი გამოაკლდებოდა აღდგომის 4 დღიანი დასვენება და შაბათი და კვირა, ანუ მაინც 4 დღე მრჩებოდა, არ ვიცი, არსებობს ასეთი მოცლილი ადამიანები, ვისაც ნებისმიერ დროს, მეორე დღესვე სცალია გაიქცეს და საჩივარი წეროს?!
  2. გასაჩივრებაზე (სემეკში, ვინც ფორმალურად ჩვენს უფლებებს იცავს, მაგრამ რეალურად არასდროს გამიგია მათი “შუამავლობის” პოზიტიური შედეგი), როცა პრეზენზია გამოვთქვი დაგვიანებით მოტანაზე – ვიღაც ღიპიანი ჩინოვნიკი წამომიდგა (ყაზტრანსგაზის ერთერთი დეპარტამენტის უფროსი) და გამომიცხადა, რომ ორი დღეც საკმარისი დროა, როცა მე კანონით მეკუთვნოდა 10 დღე!!!! შესაბამისად დაგვიანებით ჩივლის გამო – გაფრთხილება ვეღარ გავაპროტესტე და დამეკისრა ჯარიმა.
  3. ბუნებრივია გავასაჩივრე ჯარიმაც და მივუთითე ყველა პუნქტი, რომელიც ხაზს უსვამდა ჩემ უდანაშაულობას, კერძოდ:

  • 9 საათზე გავდივარ სახლიდან, ვბრუნდები ღამის 11-ზე, რაკი ვმუშაობ 10-დან 6 საათამდე ერთ სამსახურში, ხოლო 7-დან 10 საათამდე საღამოს – ლექციებს ვკითხულობ – შემეძლო ცნობების წარმოდგენა
  • ვმოგზაურობ სამ თვეში ერთხელ, ანუ არის პერიოდები, როცა ბუნებრივ აირს საერთოდ არ ვიყენებ
  • მაქვს საკმაოდ მაღალი შემოსავალი იმისთვის, რომ 20 ლარის „მოტეხვა“ და არ მრიცხველის დაზიანება არ იყოს ჩემთვის პრიორიტეტული და ამის დადასტურებაც შემიძლია;
  • ბინა ვიყიდე 3 წლის წინ და მთელი სამი წელი მოდიოდა „გაზის ქალი“ და მხოლოდ ახლა გაუჩნდა ეჭვი, შესაბამისად არ არსებობს სამხილი, რომ თუნდაც დაზიანებული მრიცხველი მე დავაზიანე და არა რომელიმე ჩემმა წინამორბედმა (რა სისულელეა ესეც)
  • სახლში მაქვს კონდიციონერი, რომელიც მაქვს ჩართული ზაფხულშიც და ზამთარშიც, შესაბამისად ბუნ. აირს მხოლოდ აბაზანისთვის ვიყენებდი, ისიც ნაწილობრივ, რაკი შემეძლო წარმომედგინა ასევე ფიტნეს აბონემენტი, სადაც ყოველ მეორე საღამოს დავდიოდი;
  • საკვებს სახლში საერთოდ ვერ ვამზადებდი გრაფიკიდან გამომდინარე, გაზქურას ლამის მტვერი დაედო;

წესით ლოგიკური და საკმარისი მტკიცებულებებია, თუმცა…
და ყველაზე საშინელება იყო ის, რომ შეიძლება ჩემთვის 200 ლარამდე ჯარიმა არ იყო ფინანსურად დამანგრეველი, მაგრამ იქ იყვნენ ასევე მოხუცი ადამიანები, რომლებიც ლამის ცრემლებამდე მიიყვანეს, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შესაძლებლობა ეს უსამართლო ჯარიმები გადაეხადათ, მაგრამ უკაცრავად და ყაზტრანსგაზს ისინი უბრალოდ არ აინტერესებს, მათ თავისი გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი!
ჩემი ამ ჩივილის შემდეგ, თავისივე კომპანიაში ჩაატარეს ექსპერტიზა და დაადასტურეს, რომ მრიცხველს ჰქონდა დაზიანება, ანუ ახალი მრიცხველიც მე უნდა შევიძინო და პლუს ჯარიმაც გადავიხადო და რაც მთავარია – მე ბუნებრივი აირის „ქურდი“ ვარ! და ყველაზე დიდი უბედურება, უძულურები ვართ ამ უკანონობის წინაშე!!!
მიჩნდება რამდენიმე ლოგიკური შეკითხვა:

  1. რისთვის არსებობს „სემეკი“, რომელიც ფაქტიურად ვერავის უფლებას ვერ იცავს?
  2. ქვეყანაში რატომ არ უნდა არსებობდეს ინსტიტუტი/ორგანიზაცია, ვინც ჩვენს უფლებებს დაიცავს
  3. პატრონი გვყაავს საერთოდ ამ ქვეყანაში??!!
  4. თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა, რასაც ამ პოსტის შემდეგ შეხვედრისას მთელი ორი საათი გვიხსნიდნენ მე და ჩემ იურისტს, ყაზტრანსგაზის 4 თავაზიანი და პოზიტიური (მართლა) თანამშრომელი, მაგრამ მე გაზი არ მომიპარავს, ანუ პრობლემა კანონშია, ხომ? და ვინ უნდა მიხედოს ამ ყველაფერს?!
  5. სემეკი გამოეხმაურა ამ პოსტს თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე, რომლის პასუხის პასუხიც უკვე მიწერია 1 პუნქტში, ხოლო თუ რამე არ მესმის, არც ვარ ვალდებული, როგორც მოქალაქე – ვერკვეოდე კანონში, შესაბამისად კეთილი ინებეთ და ამიხსენით, როდის უნდა წარმოვადგინო მტკიცებულებები და ა.შ. თურმე მქონია უფლებაც, ეს 10 დღიანი ვადის გადაცილება გამეპროტესტებინა და რაღაც შანსი კიდევ მქონდა, რის შესახებაც ჩემი “უფლებების დამცველმა” სემეკში, საქმის კურსში არ ჩამაყენა!

და კიდევ, მე გადავიხდი ამ სახდელს (ეს ჯარიმა არ არის, როგორც ყაზტრანსგაზში მიხსნიან და მეც არ ვარ ქურდი, მე უბრალოდ ბუნ. აირის დამტაცებელი ვარ), მაგრამ იმედია ჩემ შეცდომებზე სხვები ისწავლიან, კერძოდ:
1.არავის გაატანენ მრიცხველს, გაჰყვებიან თვითონ და დაესწრებიან ექსპერტიზას, რომელსაც ორი კომპანია ატარებს და ორივე ყაზტრანსგაზში, გვერდიგვერდ მაგიდებზე სხედან, რათქმაუნდა მიუკერძოებლობა დაცული იქნება!
2.ეცოდინებათ, რომ აიღონ შვებულება, რაკი დაგვიანებით მოსულ წერილზე ისევ თვითონ არიან პასუხისმგებელნი, შესაბამისად წერილის ჩაბარებიდან მომენტალურად საჩივლელად გაიქცევიან;
3.სემეკი არ ეტყვით, მაგრამ თავად იცოდნენ, რომ ყველა მტკიცებულება წარმოადგინონ, რაც ადასტურებს მათ უდანაშაულობას;
4.საჩივარი შეიძლება დაიწეროს ოქმის/დოკუმენტის მიღებამდეც (რაც მე არ დამაწერინეს და მითხრეს დავლოდებოდი სემეკში, რის გამოც დამაგვიანდა)
5.განეწყვეთ მორალურად, რაკი შეიძლება უდანაშაულოდ დაგაკისრონ სახდელი და ეს იქნება თქვენი სასჯელი იმისთვის, რომ ცოტას წვავთ!
6.იმედია კანონსაც ვინმე გადახედავს, რომელიც რეალურად, ცალსახად მოქალაქეების წინააღმდეგაა!
პ.ს. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია, რადგან ხვალ ჩემ და ამ მოხუცების ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ დიდი ალბათობით, დავიცვათ საკუთარი თავი და ერთმანეთი შეძლებისდაგვარად ამ კეთილშობილი მონოპოლისტებისგან, უპატრონო ქვეყანაში!!!
და კიდევ, беспредел რუსული სიტყვაა და ქართულად უკანონობას, უმიზეზოდ დასჯას ნიშნავს და მე ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ არ მაქვს არანაირი დანაშაული, თუმცა ე.წ. სახდელის გადახდა მაინც მიწევს, ანუ უდანაშაულოდ ვისჯები!