ნიუ იორკი-მაიამის მოგზაურობიდან 1 კვირა იყო გასული, როცა გადავწყვიტე შვებულების დარჩენილი ერთი კვირა გამომეყენებინა და ტრადიციულად, როგორც ყოველ წელს, დედასთან ერთადაც მემოგზაურა.
ყველაზე მაგარი თანამგზავრია, უპრობლემო, დადის ბევრს და ერთობა ისე, რომ ჩემზე ახალგაზრდა მგონია ხოლმე. რაკი მხოლოდ ერთი კვირა გვქონდა, გადავწყვიტე უვიზო ქვეყანაში წავსულიყავით, სტამბული საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. წასვლამდე 3-4 დღით ადრე, ვნახე სტამბული-ჩრდილოეთ კვიპროსის ბილეთები ძალიან იაფად, გადავწყვიტე სამი დღით იქ ჩავსულიყავი, დედა კი – დეიდასთან დამეტოვებინა, რომელიც იმ წუთას ასევე სტამბულში იმყოფებოდა.
10403498_10202653933656436_7966642633955298463_n

  • ჩრდილოეთ კვიპროსზე რა გინდა ეს ოკუპირებული ტერიტორიაა, რა აფხაზეთში გიმოგზაურია და რა მანდ – მაფრთხილებდნენ მეგობრები.
  • კარგი რა, სწორად მაგაშია „მუღამი“ – ვარწმუნებდი და გადაწყვეტილი მქონდა წასვლა.
  • როგორც კი ჩახვალ მომწერე! – გამაფრთხილეს დედამ და დეიდამ, რომლებმაც აეროპორტის ავტობუსამდე მომაცილეს, ავედი და ჩემ საყვარელ ადგილას, მარცხნივ მეოთხე სკამზე მოვკალათდი.


ფრენა ზუსტად 55 წუთს გაგრძელდა, უკვე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიყავი. აეროპორტის Wifi-ც მაშინვე დავიჭირე და ფეისბუქზე, ჩემი კვიპროსელი მეგობრისთვის მისაწერად მოვემზადე.
პასპორტების კონტროლთან ცოტა დიდ ხანს გამიგრძელდა ყოფნა, მერე ცალკე გამიყვანეს და სხვა ოთახში მოცდა მთხოვეს. ნახევარი საათი უხმოდ ვიჯექი, მერე გავედი:

  • უამრავი ადამიანი გაატარეთ, მე კრიმინალს ვგავარ?! – ვკითხე უკმაყოფილოდ
  • მოიცადეთ თუ შეიძლება! – მითხრა გოგონამ კატეგორიული ტონით.

კიდევ ნახევარი საათი მომიწია ლოდინი, როცა ვიღაც 35-40 წლის კაცი შემოვიდა.

  • მგონი არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ჩემი შეყოვნება, აშშ-ს 10 წლიანი და ევროპის 2 წლიანი ვიზები მაქვს, შესაბამისად თქვენ ბოლო ქვეყანა იქნებით, სადაც არალეგალად დარჩენას გადავწყვეტ – ავუხსენი ირონიანარევი თავაზიანობით.
  • მოიცადეთ! – დამიყვირა კაცმა და გამიჩნდა ეჭვი, რომ ვერაფერი ვერ გაიგო.
  • შეგიძლიათ ვინმეს დაუძახოთ, ვინც მინიმუმ საშუალო ინგლისურით მაინც საუბრობს? – ვითხოვე ასევე თავაზიანად. – თქვენთან საუბრის აზრს ვერ ვხვდები…

კაცი სადღაც გავარდა.
კიდევ 2 წუთის მოცდის შემდეგ, უკვე საკმაოდ გაბრაზებული მივადექი პასპორტის კონტროლის გოგონებს, აწ უკვე უკანა მხრიდან და მოვითხოვე დოკუმენტის ჩვენება, რის საფუძველზეც მე აქ მაყოვნებდნენ, გარეთ ხალხი მელოდებოდა მანქანით.
ისევ ის უხეში კაცი მომვარდა და მომახალა, რომ „წავთრეულიყავი უკან, სახლში“, მერე მამცნო, რომ „ახლავე მომხედავდნენ“ – დამტვრეული ინგლისურით.
ველოდი თავაზიან გოგონას, რომელიც მომიხდიდა ბოდიშს და გამაცილებდა გასასვლელისკენ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად ორი პოლიციელი დამადგა თავზე, რომლებმაც ხელი ჩამავლეს და ამ ოთახის გვერდით, ვიწრო მართკუთხა ოთახში შემიყვანეს, შემდეგ სია „დეპორტ დეფთერი“ გადაშალეს.
აი აქ უკვე მივხვდი, რომ მთლად კარგად ვერ იყო ჩემი საქმე…
მართკუთხა, ვიწრო ოთახის გვერდით რკინის კარი იყო, რომლის სარკმლიდან შავი თავი შეშინებული მზერით მათვალიერებდა!

  • აქ უნდა ჩამსვათ?! – გავიშვირე ხელი და ისტერიულად მეცინებოდა.
  • დიახ, დაპატიმრებული ხართ – მომახალა პოლიციელმა, – ამოალაგეთ ყველაფერი!
  • დავდე ყველაფერი, ტელეფონების გარდა (საბედნიეროდ ორი ტელეფონით: ბლექბერით და გალაქსით ვმოძრაობ, ანუ ინტერნეტთან წვდომა ორივეს აქვს)
  • ტელეფონიც!

ჯიბიდან ბლექბერი ამოვიღე და დავდე, გალაქსი კი შარვალში ჩავმალე, წინა მხრიდან.
პოლიციელმა გამჩხრიკა და საკანში შესვლა მიბრძანა! – არ შევალ – ვუთხარი ხმადაბლა, გაღიზიანებული ტონით. ხელი ჩამავლეს და გამათრიეს. – ეს ძალადობაა! – ვუყვირე და ხელები გავაშვებინე. ერთერთმა პოლიციელმა უკნიდან ძლიერად მკრა ხელი, მე საკანში აღმოვჩნდი.
აი აქ უკვე სრული შოკი მივიღე!
სტანდარტული საძინებლის ზომის ოთახში, ან ოდნავ დიდში ორ სართულებად იდგა 6 საწოლი, ანუ 12 ადგილი, ხოლო ერთერთზე სწორედ ის შავი ახალგაზრდა იჯდა, რომელიც ცოტა ხნის წინ სარკმლიდან მიყურებდა.

  • რა ხდება აქ, რატომ დაგიჭირეს? – ვკითხე სწრაფად
  • პრობლემ, პრობლემ – გაიქნია ხელები, ერთადერთი, რაც გამაგებინა იყო ის, რომ ერაყიდან იყო.

მერე ტუალეტში შევიხედე და ლამის გული ამერია, სიბინძურისგან ყვითელ-ყავისფერი იყო ყველაფერი, შესვლაც კი ამაზრზენი იყო, აღარაფერს ვამბობ მის გამოყენებაზე. ტუალეტის მოპირდაპირედ კიდევ ერთი ოთახი იყო, ბნელი და პატარა, როგორც მივხვდი ყოფილი აბაზანა, ახლა კი – სრული ანტისანიტარია. ამას დაემატა ისიც, რომ ერაყელი ტიროდა შიგადაშიგ და რაღაცას თავის ენაზე ბუტბუტებდა, ამან კიდევ უფრო შემაშფოთა. მის გვერდით საწოლთან ცოცხი დავლანდე … “როგორი თემატური და დროული იყო აქ ცოცხის პოვნა” – გავიფიქრე და ისტერიულად გამეცინა. უკვე ღამდებოდა, როგორც დროის მიხედვით ვხვდებოდი, ღამით კი არავინ იცოდა რა მოხდებოდა, ოკუპირებული ქვეყნის ციხეში, რომელსაც საკონსულოც კი არ გააჩნია!
სასწრაფოდ შევედი ინტერნეტში და ფეისბუქზე მოვყევი ჩემი ისტორია მოკლედ, გადავიღე ფოტოები, ზედ დავურთე, რასაც მხიარული წერილები მოჰყვა, ყველამ ხუმრობად აღიქვა.
მერე უცებ დედას მივწერე: ჩავედი, მაგარი ქალაქია, ახლა დავიძინებ, ხვალ მოგწერ.
დედას სტამბულში ფეისბუქთან წვდომა არ ჰქონდა, შესაბამისად ამაღამ მშვიდად დაიძინებდა.
ფეისბუქზე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ არ ვხუმრობდი და სასწრაფო შველას ვსაჭიროებდი! ამან უკვე გამოიღო შედეგი, წამოვიდა კომენტარების და პიემ წერილების ზღვა, რამაც ოდნავ დამაიმედა.
ციხე2
რეკავდნენ საკონსულოებში, ნაცნობებთან, ჩემი კვიპროსელი მეგობრები აეროპორტშიც, თუმცა ამაოდ. ჯერ კიდევ მქონდა იმედი, რომ რამე მეშველებოდა.
ტელეფონი თითქმის დამიჯდა, ინტერნეტიც დაიკარგა თითქოს, რის გამოც – სარკმელში მქონდა გაყოფილი ტელეფონიანი ხელი, რომ უფრო კარგად დამეჭირა.
ვერც კი მივხვდი, როგორ შემოვიდა პატარა ოთახში პოლიციელი და შეჰყვირა: ტელეფონი!
კარი გააღეს და გარეთ გამათრიეს, კიდევ ერთი პოლიციელიც დაგვადგა.

  • ტელეფონი რომ გითხარი, რატომ არ მომეცი?! – მითხრა ხმამაღალი ტონით.
  • ტელეფონი მითხარით და არა ტელეფონ-ები, მე კიდევ მოგეცით ტელეფონი, აშკარად ისევ ინგლისურის პრობლემის ბრალია, იქნებ უკეთ გესწავლათ? – ავუხსენი მშვიდი ტონით.
  • შედი ფოტოებში!

შევედი სხვა ალბომში. მეორე პოლიციელი მიხვდა, თავისი ხელით გახსნა გალერეა და ფოტოებს გადააწყდა.

  • ფოტოებს იღებდი? – მიყვირა ახლა ამან.

ჩემ პასუხის აღარ დაელოდა, ყველა ფოტო წამიშალა და მობილური მაგიდაზე დააგდო: დაემშვიდობე ფოტოებს! – მომაძახა გამარჯვებული სახით, რაზეც ხმამაღლა გადავიხარხარე: ყველა ფოტო უკვე ფეისბუქზეა ატვირთული და უკვე ყველამ იცის, როგორ ლახავთ ჩემ უფლებებს – მივახალე ხმამაღლა.

  • გაჩუმდი, ჩემმა უფროსმა არ გაიგოს – მოლბა უზრდელი პოლიციელი, რაზეც ხმამაღლა დავიყვირე, რომ ფოტოები გადავიღე და გავაგზავნე, რაზეც ვიღაც შემოვარდა, სავარაუდოდ ეგ იყო „უფროსი“ და ყვირილით, თურქულ ენაზე სადღაც წაიყვანა ერთერთი, მერე მეორეს დაუძახა.
  • შენს გამო შეიძლება სამსახური დავკარგო, იცი? – მიყვირა გამწარებულმა პოლიციელმა;
  • მე თქვენს გამო მოგზაურობის ერთი სრული დღე დავკარგე – მივახალე ცივად და ჩემი ფეხით შევედი საკანში. ამ წუთას მაქსიმალურად ვიწვევდი, რომ დაერტყათ და მეტი კომპრომატი მქონიდა საჩივლელად! მეორე პოლიციელიც გავიდა. ჩემი ტელეფონი მაგიდაზე იდო. მეორე კარიც ჩაკეტეს.
  • ით, ით – მოვიდა ერაყელი და ხელი გაიშვირა მაგიდისკენ. მაგიდაზე ძველი, ნახევრად ობმოკიდებული პური და წყალი იდო.
  • არა, მადლობა – გავუღიმე და ბოლთის ცემა გავაგრძელე ოთახში, საწოლზე ცოცხალი თავით არ ვჯდებოდი.

ციხე 3
ზუსტად ნახევარ საათში რეკვა ატყდა ჩემ მობილურზე, სადაც ეწერა „დედა“. წესით ახლა უნდა ეძინოს – გავიფიქრე და მივხვდი, რომ ვიღაც მიუხვედრელმა იდიოტმა საქართველოდან დაურეკა და ჩემი ამბავი უთხრა, ამას ის მოწმობდა, რომ 15 წუთი შეუჩერებლად რეკავდა, კიდევ უფრო დავისტრესე.
თუ აქამდე მეცინებოდა, ახლა გული ამიჩუყდა, როცა გამახსენდა რა ამბავი ატყდა ფეისბუქზე. გავიფიქრე, რომ არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, ისევ ციხეს ავირჩევდი, რომ მძიმე წუთებში ასე მძაფრად მეგრძნო ის პოზიტივი და მხარდაჭერა, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. და მაინც, მე მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი ღამე მელოდა კვიპროსის ციხეში.
ღამით კიდევ ორი სირიელი შემოაგდეს, ერთი 40-45 წლამდე დარბაისელი კაცი იყო, ექიმი, მეორე 30-35 წლის ბიჭი – ექიმი. გამიხარდა და გამოველაპარაკე.
გავიგე, რომ სირიაში ჯერაც არ დასრულებულა სამოქალაქო ომი, ისიც, რომ ყოველდღე ფეთქდება მარკეტები, სკოლები და სხვა დასახლებული პუნქტები, რომ არავინ იცის იცოცხლებენ თუ არა მეორე დღეს, რომ ამ ციხეში ყოფნა ურჩევნიათ, თავის ქვეყანაში – სასიკვდილოდ დაბრუნებას.
გული ჩამეწვა. მივხვდი, რომ ტყუილად ვწუწუნებთ ქართველები და ჩვენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებიც არსებობენ. ექიმმა თავისი ჰამბურგერიც გამიყო, ოფიციალურად შიმშილობა მქონდა გამოცხადებული და ჩუმად ვჭამდი.
ხმა მომესმა, სარკმელს მივვარდი.

  • ვიცი, არ ვიმსახურებ, მაგრამ ახლავე უნდა დამარეკინო, დედაჩემი ნერვიულობს და ერთი სიტყვით ვეტყვი, რომ ცოცხალი ვარ.
  • არა!
  • ძალიან გთხოვთ, შეიძლება მოკვდეს ნერვიულობით, დამარეკინეთ! – ავუწიე ტონს
  • არ შემიძლია – გამიმეორე პოლიციელმა.
  • დედა გყააავს? – ვუყვირე მთელი ხმით და როგორც ჩანს ისეთი შეშლილი სახე მქონდა, რომ სასწრაფოდ მომცა ტელეფონი და იქვე დამიზუსტა, რომ მხოლოდ ხუთი წუთი მქონდა. დავრეკე, ფეისბუქზეც შევიხედე და მივხვდი, რომ ამ ღამით აქ ყოფნა გარდაუვალი იყო. შევეგუე ბედს, ახალი თეთრეული მოვითხოვე, მერე შხაპი, რაზეც დამცინეს, გრძელსახელოებიანი პერანგი ჩავიცვი, რომ მინიმალური შეხება მქონოდა ბინძურ საწოლთან და დავწექი. და რაც მთავარია, მე ყველაზე ღირსეული და ამაყი პატიმარი ვიყავი, რომელიც თავაზიანად, მაგრამ კატეგორიუად ითხოვდა, ყოველ ნახევარ საათში: წყალს, სიგარეტს, ამბავს, ამიხსნიდა თუ არა ვინმე რამეს, თეთრეულს, წყლის ახალ ჭიქას, საკუთარ კბილის ჯაგრისს და პასტას, ოთახის გამოგვას – ბოლოს მივხვდი, რომ იმათ ჩემზე მეტად უნდოდათ ჩემი მოშორება, რაკი ფაქტიურად მონებივით დავარბენინებდი, ვიყენებდი რა ჩემ ერთადერთ და მაინც შელახულ უფლებას.

დილის 8-ზე გამეღვიძა, როცა ორმა სირიელმა ფული გადაიხადა და წავიდა. მე კიდევ მთხოვდნენ თანხას, 300 ევროს (როცა ორი გზა 50 ევროდ ვიყიდე), რომ დღესვე გავეფრინეთ უკან, წინააღმდეგ შემთხვევაშ, ჩემი გაფრენის თარიღამდე აქ უნდა ვყოფილიყავი,ანუ კიდევ სამი დღე. აი ახლა კი სრული ისტერიკა დამეწყო!
წარმოიდგინეთ თავი ოთხ კედელში, წინ 72 საათი და საერთოდ არაფერი გასაკეთებელი. არც გეძინება, არც ტელეფონი გაქვს, არც ტელევიზოტი, კალამი და ფურცელი მოვითხოვე, რომ რამე დამეწერა და უარი მივიღე, მოკლედ წარმოვიდგინე სამი დღე და მივხვდი, რომ მოთმინებას ვკარგავდი, როგორმე გარეთ უნდა გამეღწია. კედლების მოხატვაც, უფრო სწორად გამოსახულებების ამოკაწრვა – ჩანგლით – მომბეზრდა…
შემდეგი სვლა ასეთი იყო: კანი დავიკაწრე, რომ ავწითლებულიყავი და ალერგიის ეფექტი შემექმნა, დავიწყე ცახცახი, ჩავიწითლე თვალები და ავტეხე ყვირილი. ახალი, 55 წლამდე პოლიციელი, ტაჰირი გვყავდა მეორე დღეს, რომელიც შეშფოთდა და სასწრაფო გამოიძახა. ნემსის გაკეთებაზე უარი ვთქვი (წამალს ენის ქვეშ შევინახავდი და მერე გადავაგდებდი, ნემსს უმიზეზოდ ვერ გავაკეთებინებდი), რის შემდეგაც ისევ ოთახში მომაბრძანეს.
მომდევნო 1 საათი მთელი ძალით ვურტყამდი მუშტებს და ფეხებს, ვყვიროდი, მაგრამ არავის არაფერი ესმოდა.
და მე გავუგე ყველა პატიმარს, ყველა უდანაშაულოდ დასჯილს ადამიანს, როცა იცი, რომ არაფერი დაგიშავებია, თვითონაც ამასვე გეუბნებიან და ამაყობენ თავისი „ბეზპრედელით“, შენ კიდევ ერთი უმწეო არსება ხარ, რომელსაც საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. სამაგიეროდ, დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, რომ ძლიერი ვარ, გაყინული მზერით საწოლზე წამოვწექი.

  • რა პროფესიის ხარ? – მოვიდა სარკმელთან უცებ ტაჰირი.
  • ლექტორი და თქვენ რომ ჩემი სტუდენტები ყოფილიყავით, თუნდაც 1 კვირით, ასეთი გაუნათლებლები არ იქნებოდით, ასევე მარკეტინგის მენეჯერი და გარწმუნებთ, რომ ამ ასეთი ქმედებებით ძალიან ბევრს ტურისტს კარგავთ და ვერც კი ხვდებით და კიდევ ჟურნალისტი, რომელიც აუცილებლად დაწერს თქვენზე!!! – მივვარდი სარკმელთან და კბილებში გამოვცერი.
  • ვწუხვარ – ტაჰირის მზერაში სიბრალული იგრძნობოდა. – ორი დღეა არაფერი გიჭამია, აჰა – შუაზე გამიყო თავისი ბურგერი და ხელში ჩამიდო. ხელი გავშალე, ბურგერი ბინძურ იატაკზე მრავალ ინგრედიენტად დაიშალა.
  • ეს რატომ გააკეთე – შეჰყვირა ტაჰირმა, რატომ?! მე არ მიხარია შენი აქ გამომწყვდევა, მე მხოლოდ ჩემ მოვალეობას ვასრულებ, გესმის?

მე საწოლზე წამოვწექი და თავი საშინლად ვიგრძენი, ამ წუთას შურისძიებას ვცდილობდი ადამიანზე, რომელიც მართლა არაფერ შუაში იყო, როცა მე თვითონ ვერ ვიტან უსამართლობას. – მაპატიე… მივედი ფანჯარასთან. ტაჰირმა მამაშვილურად გამიღიმა, ყველაზე მეტად ახლა მეტკინა. უხეშობა ყოველთვის მმატებს ენერგიას და ბრძოლის უნარს, აი სიბრალულზე კი – ვტყდები, განსაკუთრებით – როცა მართლა საცოდავი ვარ…
მოვიდა მეორე საღამო, პოლიციელმა ჩამსვა თვითმფრინავში და სტამბულში გამომაძევეს. ორი ჯოჯოხეთური დღე დასრულდა, მაგრამ იმდენად საშინლად ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ… ღამის 3 საათი იქნებოდა, როცა სტამბულის აეროპორტიდან ცენტრში, ტაქსიმზე ჩავაღწიე.
ციხე1
სახლში არ წავსულვარ, იმდენად მენატრებოდა სივრცე და იმდენად მეზიზღებოდა ოთხი კედელი. მთელი ღამე ქუჩაში ხეტიალში გავატარე, ვეწეოდი, ვსვამდი ბარებში, მერე ისევ გამოვდიოდი, ვეკონტაქტებოდი ქუჩაში მოხეტიალე მთვრალ ადამიანებს და ბედნიერი ვიყავი…
ბედნიერი თავისუფლებით, იმით, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ამავე დროს პოზიტივით სავსე იმ ადამიანების მიმართ, ვინც მთელი ორი დღე გვერდში მედგა… დავეხეტებოდი უმიზნოთ, ვუყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, განათებულ ტაქსიმს, ბედნიერ ხალხს და მეც ბედნიერი ვიყავი!
რაც მთავარია თავისუფალი და კიდევ ერთხელ – უზომოდ ბედნიერი…!
p.s. იხილეთ სტატუსი და კომენტარები ციხეში ყოფნის დროს ამ ლინკზე: