index
ბოლო პერიოდში შენიშნავდით აქტიურ, აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც მიმართულია ქართული ეკლესიის დაკნინებისკენ, რაც თითქოს ერთგვარ მოდურ ტენდენციად იქცა:

  • თითქოს „ახალი ქართველების“ დიდი ნაწილი ჩასაფრებული ვართ და ბედნიერად ვავრცელებთ მთვრალი, ჯიპიანი მამაოების, ან მათი ბილწსიტყვაობის ვიდეოებს – უხამსი კომენტარებით, ანუ აქ პრობლემა არის არა საკითხის ხაზგასმა, არამედ ამის ხელზე დახვევა და სრულიად ქართულ ეკლესიაზე გავრცობა! ისევ და ისევ ამაყი და ბედნიერი ლანძღვა-ფურთხება, დადეთ პრობლემა, განვიხილოთ და ვეძებოთ გადაჭრის გზები. მეც მიპოვია და დამიდია მსგავსი მასალა, თუმცა არასდროს მითქვამს, რომ “აი ეს ხართ სასულიერო პირები”, აქ უკვე სტატისტიკური ანალიზის არ ცოდნასთან გვაქვს საქმე.
  • ვიგონებთ ხატებზე უნიჭო პაროდიებს/ხუმრობებს და ვტოვებთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს;
  • ყველაზე უარესი – მოვიხსენიებთ ბილწსიტყვაობით პატრიარქს და ერთგვარ სიცხვილადაც მიგვაჩნია მისი პატივისცემა, როცა კარგად ვიცით ხალხის დამოკიდებულება მის მიმართ… გააკრიტიკეთ, თუ რამეში არ დაეთანხმებით, მაგრამ ფორმაც არის და ფორმაც.

საერთო ჯამში, ვგმობთ „ფანატიკოს მართლმადიდებლებს“, მათ მიერ გამოთქმულ დოგმებს, რომლებსაც ბევრ რამეში შეიძლება მეც არ ვეთანხმებოდე, „ტაბურეტკამომარჯვებული მღვდლებით“ დაწყებული და „ქალის ქმრისადმი მონური მორჩილებით“ დამთავრებული, არც ეკლესიაში ხშირად სიარულით გამოვირჩევი და მარხვასაც არ ვიცავ – მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის სარკაზმის საბაბი უნდა გახდეს ვინმეს სარწმუნოება.
თანამედროვეობა არ გამოიხატება სხვისი მწრამსის გმობაში, ეს არის უბრალო რწმენის თავისუფლება და ეს თავისუფლება ავტომატურად ნიშნავს სხვების რელიგიური არჩევანის პატივისცემას, მით უმეტეს, როცა ანალოგიურად მცხოვრები მართლმადიდებლები შეიძლება იყვნენ თქვენს ოჯახებში, თქვენი მეგობრების ოჯახებში – ჩვენი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ა.შ. მეტი კოლეგიალურობა, მეგობრებო.

და მაინც, საიდან მოდის ეს აგრესია და მისი  გამოხატვის ზედმეტად უცენზურო ფორმა? ვფიქრობ, როცა ადამიანს არ აქვს ჯანსაღი კრიტიკის და არგუმენტირების უნარი და პროტესტს გინებით და “ჰეით სფიჩით” გამოხატავს, მიზეზი შემდეგია:

  • თქვენ გაქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი, შესაბამისად – გგონიათ, რომ ამით უფრო თანამედროვედ წარმოაჩენთ საკუთარ თავს;
  • თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი აზრი, დაინახეთ, რომ თქვენმა მისაბაძმა ადამიანმა გააკეთა უარყოფითი რელიგიური განცხადება და ბრმად აკოპირებთ მის მოსაზრებას;
  • თქვენ ხართ უბრალოდ დაბალი დონის ადამიანი, რომელიც თავის განათლებას, თუ თანამედროვე შეხედულებებს მხოლოდ ამ ფორმით თუ გამოხატავს, რაკი სხვა ღირებული ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია.
  • განათლების ნაკლებობაა, რაც ხელს უშლის აზრის სწორად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას, “დედამოვ…ნ” კი მარტივია და საუბედუროდ ვიღაცებისთვის ჯერ კიდევ პრესტიჟული.
  • სხვა დანარჩენ შემთხვევაში, იქნებოდით პროგრესულად მოაზროვნე ათეისტები, როგორებიც საკმაოდ ბევრია ჩემ ქართულ თუ არაქართულ სამეგობროში და ერთხელაც კი არ დასცდენიათ სხვა სარწმუნოებების ლანძღვა-გინება.

ვიმეორებ, შეიძლება მსუბუქად ნებისმიერმა იხუმროს ამ თემაზე და პოსტში ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ გინება, აბსურდული/შეურაცხმყოფელი იუმორი და პირდაპირი თავდასხმა პატრიარქზე – მიუღებელია, თორემ კრიტიკით მეც არაერთხელ გამიკრიტიკებია, თუმცა ფორმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ღირსება თუ ე.წ. თანამედროვეობა გამოიხატება თქვენს ინტელექტში, ერუდიციაში, ზოგად განათლებაში, წარმატებაში, პროფესიონალიზმში, ნაკითხობაში, თანამედროვე შეხედულებებში, ლოგიკურ აზროვნებაში და არა პატრიარქის გინებაში და ხატებზე უნიჭო ხუმრობების დადგმაში.
აქვე, კრიტიკა მისაღები და უფრო მეტიც – სასურველია, ეს იქნება კონკრეტული ადამიანები, ეკლესია, თუ ა.შ., მაგრამ როცა არ შეგვიძლია არგუმენტირება, დისკუსიაში შესვლა და ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთი ფორმა უკანასკნელი სიტყვებით გინებაა – “ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას”.
ი(ბ/ვ)ერია ვერასდროს გაბრწყინდება ასეთი „ფსევდო-პრადვინუტი“ თანამედროვეების ხელში, მე ვერ დაგპირდებით, რომ ღმერთი დაგსჯით, მაგრამ ოდესმე თქვენივე აგრესია ბუმერანგის წესით დაგიბრუნდებათ.
თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებთ, მიწოდეთ ჩამორჩენილი აზროვნების ადამიანი და მერე თუ გინდათ შევეჯიბროთ ნებისმიერ ღირებულ საკითხში. მანამდე კი – სანამ ეკლესიას გააკრიტიკებთ ჩვენი თავისუფალი აზრის უპატივცემულობაში, მოდით ჩვენ გადავდგათ პირველი საღი ნაბიჯი და ჩვენვე ვცეთ პატივი სხვის ფასეულობებს.
რაზეც გინდათ იმაზე იხუმრეთ თქვენი მეგობრების ვიწრო წრეში, მაგრამ როცა ხედავთ, რომ ამ ყველაფრით მასას აღიზიანებთ/შეურაცხყოფას აყენებთ – ასე გამოიყურება თანამედროვე ვაჟკაცობა ან “კაი ტიპობა”? პროვოცირება როდის აქეთ გახდა პირდაპირობის და მხნეობის სინონიმი?!
ჩემთვის მართლმადიდებელიც, ვისაც სძულს ყველა სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი, რომელიც ძალადობრივი გზებით და თან ღვთის სახელით ებრძვის „გარყვნილებას“ და ხელოვნურად გათანამედროვებული – უინტელექტო და უზრდელი ათეისტიც ერთნაირი სირცხვილია! ვიმეორებ, ვიცნობ ძალიან ბევრ საღად მოაზროვნე ათეისტს,, აგნოსტიკს, სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს ა.შ. მაგრამ საზოგადოება, ვინც “ყველა მორწმუნის … ” ლოზუნგით გამოდის, ის საკუთარ თავთან ერთად პირველ რიგში რეპუტაციას სხვა მსგავსი “მრწამსის” ადამიანებს ულახავს.
იმედი მაქვს სტატიის შინაარსი მარტივად აღქმადი იქნება და ყველა არამართლმადიდებელი (ათეისტების, ბუდისტების და ა.შ. ჩათვლით) საკუთარ თავზე არ მიიღებს!
ღმერთს ებარებოდეთ!
პატივისცემით,
DSC_0672