აღდგომის დღესასწაულების მოახლოვებისას, თუ დადგომისას, სოციალური ქსელები წაილეკა კომენტარებით:

  • სუნთქავს ქალაქი, ყველა დაუბრუნდა თავის მიწა-წყლებს
  • ნეტა სულ აღდგომა იყოს, ძირძველი თბილისელები დავრჩით დედაქალაქში
  • როგორც იქნა წაეთრა ყველა, ნეტა მეწყერი ჩამოწვეს და ვეღარ დაბრუნდნენ
  • ბედნიერი ვარ, როცა თბილისის დაცარიელებულ ქუჩებს ვუყურებ, მიყვარს აღდგომა!

თუ კარგად დააკვირდებოდით, აღნიშნულ სტატუსებს იხილავდით წარუმატებელი, ვერ რეალიზებული „თბილისელების“ კედლებზე, რომლებსაც ერთადერთ ღირსებად, დედაქალაქში დაბადებაღა შერჩენიათ, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის აგრესიულ პროპაგანდას ეწევიან, ან უბრალოდ„ჩამოთრეულებზე“ რამდენიმე წლით ადრე ჩამოვიდნენ თბილისში და ამას საგულდაგულოდ მალავენ.
chamotreuli
მოდით, ჩავუღრმავდეთ, რაში გამოიხატება ჩამოსულობა, ან რა ფორმით გვიქმნიან დისკომფორტს:

  1. თქვენზე ცუდად მეტყველებენ და უგემოვნოდ აცვიათ? ასეც რომ იყოს, ვინ მოგცათ მათი კრიტიკის უფლება, დარწმუნებული ხართ საკუთარ იდეალურობაში? გამონაკლისები იქით იყოს და მე გაგაცნობთ უამრავ „ჩამოსულს“, ვისაც ვერც მეტყველებაში, ვერც ჩაცმულობაში და ვერც რომელიმე სხვა პარამეტრში, ვერცერთი აგრესორი ძირძველი თბილისელი ვერ შეედრებით
  2. სამუშაო ადგილებს გართმევენ? ორმაგი სირცხვილი თქვენთვის, თუ ასე მაღლა დგახართ მათზე და მაინც გართმევენ კარგ პოზიციებს, დროა გაუცვალოთ ადგილი და თავად დაკავდეთ სოფლის აღმშენებლობით, ჩამოსულებზე შურიც ამით იძიოთ, რომ თქვენ მათთან „ჩახვიდეთ“ და ჩაუსახლდეთ;
  3. მენტალური პრობლემები აქვთ? – მოდით შევადგინოთ სტატისტიკა, სად უფრო მეტია dark minded ხალხის წილი და ამის შემდეგ ვისაუბროთ.

საბოლოო ჯამში, მიზეზი ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა მაინც, ვიღაცებისთვის ეს, საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების ერთადერთი მეთოდია.
ცალკე თემაა ადამიანების დისკრიმინაცია საცხოვრებელი უბნების მიხედვით, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ვერაზე ან ვაკეში, განსაკუთრებულად დახვეწილი და ინტელექტუალური ჰაერია, რომელიც გარანტიას გაძლევთ მაღალ სტანდარტებზე და გლდანში, ვარკეთილში, თუ სანზონაში მცხოვრები ადამიანები თქვენზე ნაკლები არიან რამით, მხოლოდ იმიტომ, რომ ცენტრალურ უბნებამდე, გზაში თქვენზე სულ რაღაც 15 წუთით მეტ დროს ხარჯავენ?
არასდროს დავინტერესებულვარ ადამიანების დაბადების ადგილით, ისევე, როგორც მათი რელიგიური მრწამსით, საყვარელი პოზებით სექსში, ხელფასის ოდენობით და სხვა მსგავსი ბანალური პარამეტრებით და ვთვლი, რომ ადამიანების შეფასების ჩემეული კრიტერიუმები ჭეშმარიტია, შეგვიძლია ვიკამათოთ…
ალბათ არასდროს გსმენიათ, ღრმად განსწავლულო (სოფლელებთან შედარებით ათმაგად) ვაი დედაქალაქელებო, რომ თქვენი „საყვარელი პოეტები“: (რომელთა ერთი ლექსიც კი არ წაგიკითხავთ სავარაუდოდ) ვაჟა, ილია, გალაკტიონი, ტერენტი, ა.შ. ასევე „ჩამოთრეულები“ იყვნენ? ნეტა მაშინაც ასე უხაროდათ აღდგომს დღესასწაულის დადგომა?
და ბოლოს, მეც შევუერთდი დანარჩენ ჩამოსულთა რიგებს და თქვენდა სასიხარულოდ, აღდგომის დღესასწაულებზე – ასევე დავტოვე დედაქალაქი, წელს მალდივების, შარშან ბალტიისპირეთის, შარშანწინ პარიზი-ამსტერდამი-ბრიუსელის მიმართულებით.
თქვენ კიდევ, ღმერთმა მშვიდობაში „მოგახმაროთ“ ჩ ვ ე ნ ი დაცარიელებული დედაქალაქი…