ბოლო დღეებში არაერთი პოსტი დაიწერა მოხალისეების აქტიურობაზე, რომლებიც მთელი დღეები უანგაროდ ეხმარებოდნენ დაზარალებულებს და ეს ფაქტი ალბათ ყველა ნორმალურ ადამიანს გააბედნიერებდა, მაგრამ…

  1. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გააკრიტიკეს მათი მიერ ფოტოების გადაღება და ისინი „საჩვენებელ“ მუშაობაში დაადანაშაულეს
  2. გააღიზიანათ მათ მიერ დადებულმა სტატუსებმაც, „სიკეთე ჩუმად უნდა აკეთო“ პრინციპით.

დაფიქრდით აბა… სიკეთე რომ ჩუმად ვაკეთოთ, ვინ გაუორმაგებს ადამიანებს მოტივაციას, ვინ მოგვცემს კარგ მაგალითს, ან უბრალოდ მიმართულებას, როგორ უნდა ვაკეთოთ სიკეთე… ელემენტარული, მხოლოდ ის რად ღირს, რომ ამ ადამიანების ერთ მუშტად შეკრულობამ, გვერდში დგომამ ათასობით ადამიანი გააბედნიერა, ჩემი ჩათვლით. თუნდაც ფოტოებს ვინმესთვის საჩვენებლად იღებდნენ, ამით ვინმეს რამე გაკლდებათ? მთავარია, რომ ისინი არიან ამით ბედნიერები და ეს მათ მოტივაციაზეც დადებითად აისახება.
moxaliseebi
ალბათ თქვენც გიფიქრიათ, რატომ არ აქვთ თითქმის კომენტარები სტატიებს, რომლებიც პოზიტიურ მოვლენებს ასახავენ და რატომ აქტიურობენ ადამიანები იქ, სადაც ვინმეს ლანძღვის საბაბი აქვთ? განვიხილოთ ორი მარტივი მოვლენა, დაშვების პრინციპით:

  1. გავაკეთოთ დაშვება, რომ მე, გურამ შეროზიამ მოვიგე 1 მილიონ ლარიანი ჯეკ პოტი, როგორ ფიქრობთ, რა იქნება ადამიანების დიდი ნაწილის კომენტარები?
  • რა უსამართლოა ცხოვრება, ვინმე გაჭირვებულს მოეგო!
  • ამას რა ძაღლის ბედი აქვს
  • მე ვინ მომაგებინებს, თორემ მე ვიცი რასაც ვიზამდი
  • ნახევარი რომ მეგობრებს დავურიგო, იტყვიან, რომ იდიოტი ვარ და ჩემ თავზე არ ვზრუნავ, არ დავურიგებ და ამ შემთხვევაშ ძუნწი გამოვალ…
  1. და მეორე შემთხვევა, წარმოიდგინეთ, რომ იგივე გურამ შეროზიამ, ამჯერად დამცირებულმა და ყველასგან ხელნაკრავმა – მარჯანიშვილის მეტროსთან შიმშილისგან გონება დავკარგე. ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნება: ხალხის ნაწილი სასწრაფოს გამოიძახებს, ზოგი სახლშიც წამიყვანს, დამაპურებს, მომიკითხავს, შევეცოდები და პოზიტივით განიმსჭვალება.

მორალი: ადამიანებს არ უყვართ ის, ვინც მათზე მაღლა დგას, ხოლო მათზე დაბლა მდგომების სიბრალული ყოველთვის იწვევს პოზიტიურ დამოკიდებულებას, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ რაც უფრო მეტია ჩვენს ქვემოთ, მით უფრო მეტზე მაღლა ვდგავართ და ბოლომდე წყალწაღებულები არ ვართ. გვიყვარს ის, ვინც გვებრალება და ვეძებთ ნაკლოვანებებს მათში, ვისიც გვშურს. ჰოდა არჩევანი ჩვენზეა, ან ვიაროთ წინ და სულ უფრო მეტი ჩურჩული და ტალახი გვესროლონ უკნიდან/ქვემოდან, ან დავეცეთ მათზე დაბლა და დაე ვუყვარდეთ სრულიად ერს.
არა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლებაც და შესაძლებლობაც იყოს ბედნიერი,მთავარია მონდომება და ძებნა, ის ყველგან არის, ჩვენს გარშემო და ხშირად ვერ ვამჩნევთ…
ბედნიერება ყველა დეტალშია, მაგალითად: როცა ქუჩაში ვინმე მანქანას აჩერებს და გზას გითმობს, როცა მაქსიმალურად ზრუნავ საკუთარ თავზე და ხალხი ამჩნევს, რომ უკეთ გამოიყურები, როცა ვარჯიშობ და სარკის წინ პროგრესით ტკბები, როცა კიდევ ერთი საინტერესო წიგნის კითხვას ასრულებ და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ, როცა დიდი ხნის უნახავ მეგობარს ნახავ როგორც იქნა და ერთმანეთს არ აცლით საინტერესო ამბების მოყოლას, როცა საცობში, რიგში – საინტერესო ადამიანებს აღმოაჩენ და უმეგობრდები, როცა შენი მადლიერები არიან და როცა შენ ხარ მადლიერი, როცა გიყვარს და საპასუხოს იღებ, როცა უღიმი და გიღიმიან.
ბედნიერება უფასოა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მარტივი დეტალებისგან შედგება, მთავარია გვინდოდეს, გვჯეროდეს და შევხედოთ ყველაფერს პოზიტიური კუთხით.
ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, რომ არავის უყვარს, რომ არავინ ეფერება და ეუბნება თბილ სიტყვებს. შეხედავ და მათი მჟავე სახის შემხედვარეს – არც გიკვირს…  ისინიც ელოდებიან და სიკვდილამდე ალბათ ასე მოუწევთ ლოდინი.
თუ გინდა უყვარდეთ – შეიყვარეთ, თუ გინდათ მოგეფერონ – მოეფერეთ, თუ გინდათ გისმენდნენ – მოუსმინეთ, თუ გინდათ, რომ თქვენი წარმატება უხაროდეთ – თქვერც გიხაროდეთ სხვების წარმატება და გამოხატეთ. გაცემული პოზიტივიც და ნეგატივიც ბუმერანგის წესით გვიბრუნდება უკან.
მე ვიპოვე ბედნიერების ჩემეული ფორმულა:

  • ვეხმარები და ვაბედნიერებ, რომ ვიყო ბედნიერი
  • მიყვარს, რომ ვიყო ბედნიერი
  • მიხარია, რომ გვყავს ძალიან პროგრესული ახალი თაობა და ამითაც ბედნიერი ვარ.

????????????????????????????????????თქვენი აზრით, რატომ ვატარებ უფასო საჯარო ლექციებს, ვწერ ვიდეო ტრენინგებს სასარგებლო რჩევებით, ვეხმარები სრულიად უცნობ ადამიანებსაც, როცა თუნდაც ფეისბუქზე მწერენ და ამის დრო მაქვს, ვცდილობ აღმოვაჩინო საინტერესო ახალგაზრდები და ვეხმარები დასაქმებაში, მრავალი ა.შ. – იმიტომ, რომ ვიყო ბედნიერი, სხვებისთვის ბედნიერების მინიჭებით, თუნდაც ეს ყველაფერი მალევე დაავიწყდეთ და მადლობაც არავინ მითხრას. დაე ვეგონოთ იდიოტი, მთავარია ვიყო გულწრფელი და სამართლიანი საკუთარი ემოციების და მორალის წინაშე.
გავცემ და ვარ ბედნიერი, მიუხედავად იმისა, მივიღებ უკან იმავეს, თუ არა. ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაც ერთგვარი (ვიღაცისთვის ყველაზე დიდი) ბედნიერებაა.
და ბოლოს:

  • მადლი ქენი ქვაზე დადე, თუნდაც გაიარო და წინ არ დაგხვდეს;
  • შეაყარეთ კედელს ცერცვი, ოდესმე შეიძლება დაიჭიროს კიდეც
  • შვილის გამონახვა დედის და მამის ნახვის გარეშეც შესაძლებელია
  • ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, თუმცა ბევრი ერთი მერცხალი უკვე გუნდია;
  • ღორებსაც დაუყარეთ მარგალიტები, ოდესმე ისინიც ისწავლიან გარჩევას…