ამას წინათ მეგობარმა მითხრა, ლაურა სტივენსის ფოტოსესის შესახებ თემაზე – ურიერთობების დასრულების შემდგომი ემოცია..
დამაინტერესა, ვნახე და ქალის ხაზია. რამდენიმე მოწყენილი გოგო, ცალსახა სენტიმენტალური არტი და ქვეტექსტად, ცოტა რამ იმაზეც არის ნათქვამი, ამ ფოტოებში, რაც არსებობისთვის გვაკლია.
 ასევე, ამას წინათ, მეგობარ გოგოსთან, რომლსაც სქესის თანდაყოლილი შეგრძნების ფობია აქვს,  დიალოგისას კიდევ უფრო შემაშფოთა სტივენსის მოწყენილი გოგოების სახის გახსენებამ და მომინდა ექსპერიმენტული არტის კონტექსტად – დაოჯახება – განქორწინების მოტივით.
11737079_10153994225839112_231952405_n
იმ ქორწილში მე და ,,ის” ვართ, კიდევ ბევრი ,,სინგლი”.  შავები გვაცვია. აღვნიშნავთ დასასრულს და გვინდა რომ გავაზიაროთ, გავამრავლოთ, გავანაყოფიეროთ მომავალი, რომელშიც ,,ჩვენი” პერსონაჟი კვდება და მე, ჩემი მყიფე შეგრძნებებით, ვიწყებ ახალ ეპიზოდურ როლზე მსახიობის დამტკიცების შესაშურად ეროტიულ რიტულს. არ ვიცი რას იზამს ის.
ერთი რაღაც ვიცი, თავს მოიკლავს და ეს ქორწილი არ შედგება. ვერ გადაუწყვეტენ, ვერ დაუგეგმავენ, ვერ შეუთანხმდებიან! უერთმანეთობა უკვე მისთვის განსაზღვრული რეალობაა, რომელშიც არ განსაზღვრეს მისი პერსონის ეპიზოდური როლის მნიშვნელობა.
ეპიზოდი 1. 
დილა მშვიდობის ძვირფასო. ტუჩს ვიკვნეტ როცა ვუყურებ შენს რიტუალურ გაღვიძებებს. მაგრამ არცერთი ,,გამოღვიძება” რომ არ მინახავს?!.
როცა ერთმანეთისგან მივდივართ, სულ მგონია, რომ პირველი შენ დაუბრუნდები იმ ადგილს, საიდანაც დავიწყეთ. ამ დროს ხელებს სასოწარკვეთილი ვუშვებ და ფეხებსაც ,,გრძელფეხება ჯონივით” მივათრევ. ხომ შეიძლება ერთხელ დამესწრო და პირველი მე მივსულიყავი, მომემზადებინა შენთვის რამე მარილიანი კერძი და მომეწოდებინა მთელი ღამე წყალი, შეუმჩნეველი ღიმილით, როცა თითქოსდა ,,ვერ ვხვდები ასე რატომ გწყურია”.
 ორივემ ზუსტად ვიცით, რატომ არაფერს ვამბობ მარილზე და რატომ ირჩევ შენ დუმილს.. არადა, ახლა ცხოვრებაში ზუსტად ის ეტაპი მაქვს უდაბნოში რომ განდეგილობ ტყუილზე და ერთი წვეთი გულწრფელობაც ახალ სასიცოცხლო ძალას მომცემდა. სხვა შანსი არც გვქონდა – უნდა ,,დაგენახე” ძვირფასო !!
სწორად გადაუღია, ჩემი გოგო იყო – მე მოვკვდი გუწრფელობის წყურვილით და დავიშალეთ. არც ერთხელ არ მოსულა ჩემს საფლავთან და არ ვუგლოვივარ!
ჩვენ მარტო სიხარული გამოგვდიოდა ერთად…
მაშინ იყო ზამთარი და ემოციური გამყინვარების ხარჯზე ვცდილობდი, შინაგანად, ყინვაში შეწითლებული ცხვირის, სახლის გარეთ არ გამოყოფას. ამ კაეშნიანი გოგოს რაფინირებული სხეულის ნაცვლად, არავის მოსვლია თავში გადაეღო ჩემი გაყინული, ნაზამთრალი ემოციები.
ეპიზოდი 2. 
სადღაც ვარ. ახლა ,,ეს სადღაც“ ისეთი განსაზღვრული რეალობაა როგორც ჩემი და მისი განქორწინების რიტუალი. აზრზე არა ვარ სად არის კარი, რომელსაც ვერაფრით ვარჩევ კედლისგან.
,,იქ” ამ კედელს დაკარგული აქვს სივრცის და დროის შეგრძნება. ამ მატერიულ ასიმეტრიას არა მგონია რამე კავშირი ჰქონდეს ჩემს ცნობიერთან. ქვეცნობიერი კიდევ დიდი ხანია დამალობანას მეთამაშება და ჯერ ისევ ვერ ჩამოვყალიბდით  როლზე –  ვინ იმალება და ვინ ეძებს.
,,იმ” სადღაც არ შემოდის გოგო, რომელსაც აცვია აზიური კაბა, აქვს ხშირი წარბი და ოდნავ ხორკლიანი კანი. არ ზის ტაჯ-მაჰალის მზერით და არაფრად მიაჩნია ის, რომ, ასეთი სიმაღლეში არსებობისთვის ძალიან ცოტა შანსია, არ დავეცეთ! ერთად და ცალ-ცალკე. დავეცეთ მარტოები –  სულ და ყველგან, ნებისმიერ მოქმედებაში თუ უმოქმედობაში, სტატიკაში და დინამიკაშიც… ერთმანეთით განპირობებული რეალობებით და მსხვრევადი პირობითობებიც –  რომ ერთ სულად ვართ, ერთ ხორცადაც და დანარჩენი სამყაროს არსებობაში ეჭვის შესატანადაც მზად ვართ.
 სწორად გადაუღია, ჩემი გოგო იყო – ვერ ვიგრძენით, რომ ერთად ვართ და დავასრულეთ.
 მაშინ იყო გაზაფხული და ჰორმონალური ბუმის ფონზე, პულსაცია გაასმაგებულ ქალაქში, ამ მოწყენილ სახიანი გოგოს ნაცვლად, არავის მოსვლია თავში გადაეღო ჩემი ნახსენები, მყიფე შეგრძნებები..
ეპიზოდი 3.
გუშინ რომ ვიჩხუბეთ, მეგონა, რომ საბოლოოდ დავკარგე სურვილი ვყოფილიყავი შენი წარმატებების და დაცემების მემატიანე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბევრი შოკოლადი ვჭამე და ამათგან რამდენიმე ვადაგასული. ასე ,,ყელში როგორ ამომიხვედი” საყვარელო?
ბოდიში, რომ ვერ დავამთხვიე ჩემი სამუშაო გრაფიკის დღის წესრიგი შენი ციკლის დღეებს და  ვერცერთხელ ,,ჩამოვიტირეთ” ერთად. არ მგონია, რომ ვალდებული ვიყავი ამეხსნა კომფორტ ზონის საციცოცხლო უცილებლობის საკითხი. მგონია, რომ მქონდა დაგვიანებების და ხანდახან უკონტაქტობის უფლებაც. მგონია, რომ მე მე ვიყავი შენ – შენ, მარტოები დავიბადეთ და ასარჩევადაც არ გვქონია ამ მხოლობითობის საკითხი. ისე პატარამ ვიგრძენი მარტოობის სამუდამო იარლიყი, რომ არც მახსოვს მის გარეშე ცნობიერი ცხოვრება მქონია თუ არ!  შენთანაც იგივეა. უბრალოდ, სხვაც ბევრი  იარლიყი გაკრავს და ვეღარ გრძნობ…   ჩემს იარლიყს ჩამოეკიდე, გამოეკიდე, ახსენი და განმარტე, მერე მამრავლებად დაშალე და ძველმანების ბაზარზე კაპიკებად გაყიდე, რომ საკუთარი ეგოსთვის შეგეწირა მსხვერპლად.
11721808_10153994229209112_1516199105_n
ძვირად დაგვიჯდა. ალბათ, სჯობდა ჩამოსაკიდებლად უფრო მყარი მატერია გეპოვნა.
მასწავლე, როგორ ,,დაგიკიდო” ძვირფასო, ფეხზე და არა ნებისყოფის ნერვზე, იქ ისედაც დიდი ხანია ცხოვრობ.
 ზუსტად ვიცი ლაურასთან თავისით წავიდოდა. ფულს შესთავაზებდა, დრამასაც, სასოწარკვეთასაც
თუმცა, მაინც – ჩემი გოგო იყო – ოდნავ მსუბუქი მატერიის და სათნო, უანგარო, მანამ სანამ ჩემი სასიცოცხლო დროის გაზომვა, აწონვა და დროში შეწონვა არ დაიწყო.
 ლაურასთან რომ მიდიოდა, შემხვდა, შემოდგომაზე, ფარფატა კაბა ეცვა,  ფურცელზე თეთრი კანი უელავდა ჭრელი შალიდან. გაოცებისგან ბეჭდის დიამეტრზე დაპატარავებოდა ტუჩი.  დარწმუნებული ვარ, ერთი სიტყვაც არ უთქვამს მასთან ჩემზე, შემთხვევით, რომ არ გასჩენოდა სურვილი და არ გადაეღო – როგორ მინდოდა და ვცდილობდი ბედნიერი ყოფილიყო ჩემი გოგო.      
 ეპიზოდი № 4
დღეს მივიღე წერილი შენგან, რომ გაწუხებს ერთი ამოსუნთქვით დამთავრებული სრულყოფილების შეგრძნება და დაწყებული ,,დიზასთერ”!  როგორ კარგად ასახავს ეს სიტყა სათქმელს, როგორ არაფრით არ შეიძლება გადმოქართულება და როგორი ზუსტი გოგო ხარ!
 ვფიქრობ  ხოლმე შენი ნიჟარების კოლექციაზე, არასდროს რომ მიკითხავს რატომ აგროვებ. ახლა მგონია, რომ უბრალოდ, ყველაზე ეგოისტი წვეთი – ზღვა გამოიგონე…
მწერ, რომ ცივილიზაციური გაუცხოების ტექნიკური საფრთხის წინაშე ვართ. რამდენჯერმე ახსენებ – გული გწყდება, რომ ჩვენი დილები არ იწყება რიტუალური ,,დილამშვიდობებით” და ლიფტში მე თასმას ვიკრავ, შენ სარკეში განწყობას იმოწმებ და ასე უსიტყვოდ გავრბივართ ერთმანეთისგან.
ტელ ავივ
სულს ღაფავს ძვირფასო შენი მონაწერით მოტანილი შენი გარდამავალი სურნელი. აღარ გადევს ჩემს ძარღვებში გამავალი მუსიკა ფონად. სხვა მუსიკა ამოიჩემე, მღერი და მე ვერც ერთხელ ვერ ვიცეკვე ამ მელოდიაზე.
 მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს შენი ბურჟუა ოცნებები, ცოტათი დამღალა შენმა პორცია-პორციებით ,,მიღებამ”. მგონია, წამალი ხარ და მკურნალობის ამ “კურსს” რომ გავივლი მაინც ავად ვიქნები…
რა კარგი ფოტოა. გოგო იყო – ჩემი და თავისი თავის გოგოც.
არ დაგვიწყია, ისე ვასრულებთ.
 პ.ს. სრული იდიოტიზმია ყველა დანარჩენი ეპიზოდი და ფოტო.
მიბრძანდით, სპექტაკლი დასრულდა.
ახალი ურთიერთობების ფოტოსესიაში იქნებ და მოიშოროთ ეს მოწყენილი სახეები.
 „სადღაც“ და უკვე მერამდენედ ვარ…