ვეცდები ორიოდე სიტყვით აღვწერო ამბასადორ კაჭრეთის მომსახურება, კვება და ზოგადად დასვენება. ფასი არც ისე მცირეა, ამავე თანხით თავისუფლად დაისვენებდით თურქეთის რომელიმე საინტერესო კურორტზე, შესაბამისად, სრული უფლება გაქვთ გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ სასტუმროში.
ბოლო ორ კვირაში ორჯერ მომიწია მისვლა, ჯერ სამსახურეობრივი ვიზიტით და შემდეგ, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად.ამბასადორი
დავიწყოთ მომსახურებით: პირველ ვიზიტზე, რანაირად აღარ ვეცადეთ მიმტანი ბიჭები გაგვეღიმებინა, თუმცა ისე წამოვედით, მათი არცერთი კბილი არ დაგვინახავს, პლუს საკვები და სასმელი, მაგალითად ცივი ყავა, რომლის მომზადებასაც ზუსტად 5 წუთი სჭირდება და როცა მაგიდებთან მხოლოდ ჩვენ ვხსედვართ, ნახევარ საათში არ უნდა მოჰქონდეთ.
საკვებიც ანალოგიური, ფასები 15 ლარის ფარგლებში მერყეობს, ცეზარი 18 ლარი, აჭარული ხაჭაპური 12 და ზომით ერთი მტკაველია, ა.შ. მეორე დილით ასევე გაგვაწვალა იმ ფაქტმა, რომ გოგონებს დასჭირდათ ბარმენი, რომელიც 12 საათამდე არ მოვიდა, როცა რეალურად სასტუმროში მომსახურება 24 საათიანი უნდა იყოს. აღსანიშნავია ბრაუნიც, რომელიც მხოლოდ ფერს ამართლებდა, ანუ იყო ყავისფერი, თუმცა აზრადაც არავის მოსვლია – გაეცხელებინათ და ნაყინთან ერთად ოდნავ უფრო პრეზენტაბელური ფორმით მოეტანათ.
დილის საუზმეთიც საერთოდ არ აღვფრთოვანებულვართ, არანაირი არჩევანი ხილის, პური მალე მთავრდებოდა, სოსისიც და შევსებას რატომღაც ძალიან აგვიანდებოდა, ორნაირი ყველი, ძეხვი, ტკბილეულებიდან მხოლოდ კექსი, რომელიც მგონი ნახევარ საათში ერთხელ შემოჰქონდათ, მოკლედ ფოტოზეც კარგად ნახავთ, რომ დილის საუზმე რბილად რომ ვთქვათ მოისუსტებს…
11880057_10204847870983498_1194350451_n
ოთახებშიც არათანაბრობის პრინციპი მძვინვარებდა, ზოგან ორ ადამიანს 1 საპონი და არცერთი ხალათი არ გვქონდა, ზოგ ნომერში – ყველას პერსონალური ხალათი, როცა რეალურად იდენტური კლასის ნომრები გვქონდა დაჯავშნილი.
ყველაზე დიდი გაღიზიანება მაინც კარაოკემ გამოიწვია… როცა რეკავ, გეუბნებიან, რომ უფასოდ შეგვიძლია სარგებლობა: მინი გოლფის მოედნით, კარაოკეთი, ბილიარდით, აუზით… დავლიეთ სიღნაღში, საღამოს მოვბრუნდით და ვთხოვეთ, რომ ჩაერთოთ კარაოკე… ჯერ დაიწყეს, რომ სძინავთ სტუმრებს და ვერ ჩავრთავთო, რეალურად საღამოს ათი საათია…
მერე რაღაც დაემართა ტექნიკოსს და წასვლა მოუწიაო, მერე წინა დღით უნდა გეთქვათო, კიდევ ათასი უსაფუძვლო არგუმენტი. ბოლოს, იძულებული გავხდი მეთქვა, რომ მათზე დავწერდი, მიუხედავად იმისა, რომ არ მსურდა ვინმესთვის პრობლემა შემექმნა.
ჯერ იყო სექსისტური განცხადება: ეს რა წესია, გოგონები ვართ! (რეალურად გარშემო არც ისე ცოტა ბიჭი ტრიალებდა, თუმცა ვერ მივხვდი რა შუაშია სქესი, როცა არ მოგწონს მომსახურება). თუმცა ჩვენმა პრეტენზიამ გაჭრა და ზუსტად ხუთ წუთში „მოაცუნცულეს“ ორი ცალი მიკროფონი. მართალია, ვერც ჩვენ და ვერც მათ, ვერ მოახერხეს მათი ჩართვა, თუმცა ამ შემთხვევაში ეცადნენ მაინც. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კომენტარის შემდეგ, ან რამე სხვა მიზეზით, მეორე დღეს 3 მიმტანი ერთად გვემსახურებოდა: ერთი მაგიდას წმენდდა, მეორეს თეფშები მოჰქონდა, მესამე გვამხნევებდა, რომ 15 წუთში ყველაფერს მოიტანდნენ, არა და წინა დღეს ფაქტობრივად სანთლით ვეძებდით.
მეორე დილით, ჩემი ერთერთი მეგობარი მიმღებთან დიალოგს გადააწყდა:

  • გოგო, კარაოკე ვერ ჩავრთეთ გუშინ და პრეზენზიები ჰქონდათ რაღაც
  • ან ეს რანაირი ჟურნალისტია, ვინ მოიგონა მისი ჟურნალისტობა?!

11920445_10204847871063500_515544853_n
ჰოდა, ვინ მოიგონა არ ვიცი, მაგრამ მე ჩემ პირობას ვასრულებ და ვწერ, ჩემს კახელ მუზებზე 🙂 ვიცი, რომ თბილისის ამბასადორი საკმაოდ კარგად მუშაობს, მენეჯმენტიც გამოცდილი ჰყავს, შესაბამისად, მექნებოდა თხოვნა, ცოტათი მეტი ყურადღება დაუთმონ კაჭრეთს, დღეს ჩვენ 14 ადამიანი, წინა წამოსვლაზე ბევრად მეტი და ცოტა ხანში, მთელ თბილისს მოედება უკმაყოფილების ამბავი და რა საჭიროა? როცა ამდენ კარგ რამეს აკეთებთ, მომსახურება და კადრების პროფესიონალიზმის ამაღლება ნუთუ ასეთი რთულია?
ეს რომ ნარგიზა დეიდას საოჯახო ტიპის სასტუმრო ყოფილიყო, სადაც ღამეში 20 ლარს გადავუხდიდით – კი ბატონო, ავიტანდით, მაგრამ როცა 1 ღამეში, მხოლოდ დილის საუზმით, 1 ნომერში რამდენიმე ასეულ ლარს ვიხდით, ჩვენი პრეტენზიებიც მისაღები და გასაგებია, დიდი იმედი მაქვს.
ჰოდა, გისურვებთ წარმატებას და უკეთეს სერვისს!..