დღეს გადავაწყდი სტატიას სათაურით „რატომ აღარ შევჭამ ხინკალს აღარასოდეს, ქართული კერძების სავალალო მდგომარეობა“, სადაც ვინმე ბრიტანელი ბრალს გვდებს კერძების ზედმეტად განებივრებულობაში და აცხადებს, რომ ყელში აქვს ხინკალი და ხაჭაპური, სტატიაშივე მოგვიწოდებს სამზარეულოს გამრავალფეროვნებაზე.ac65d97e1acc
პირველ რიგში, მეტისმეტად სასაცილოდ მეჩვენება, ბრიტანელისგან ქართული სამზარეულოს კრიტიკა და შემდეგ, ზოგადად ქართული სამზარეულოს კრიტიკა. ყველასთვის ცნობილია, რომ არ ვარ ბრმად მიკერძოებული ქართველი, რომელიც თვლის, რომ საუკეთესო ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუმცა ის, რაც კარგი გვაქვს – დასაფასებელია.
დავიწყებ იმით, რომ სტატია დილეტანტის დაწერილს ჰგავს, რომელიც სულ ორჯერ მოხვდა ქართულ რესტორანში, უფრო სწორედ მიწისქვეშეთის სასადილოში და რეალურად წარმოდგენაც არ აქვს ქართულ სამზარეულოზე, შესაბამისად, სტატისტიკის არ ქონის პირობებში, მსგავსი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება მეტად არასერიოზულად მიმაჩნია.
ალბათ სტატიის ავტორს არასდროს სმენია ღომის, ელარჯის, ლობიოს, ბადრიჯნის და სხვა ბოსტნეულისგან მომზადებული კერძების უამრავი ნაირსახეობის, ჭვიშტარის, მჭადის, კუპატის, აფხაზურას, კუბდარის, გებჟალიას, ოჯახურის, ხარჩოს, საცივის, ჩახოხბილის, მწვადის, ქაბაბის და სხვა მრავალი უგემრიელესი კერძის შესახებ, რომელთა სრულად ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს. მეორე მხრივ, ქართულ რესტორნებში მენიუს არჩევანზე როცა ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ევროპული კერძიც მოგვეპოვება რესტორნების უმრავლესობაში, როგორიცაა: სტეიკის ნაირსახეობები, ცეზარი, ზოგადად სალათები, კიევური კოტლეტი, ბორში, თუ სხვა. არ ვსაუბრობ ჩამოთვლილი ქართული კერძებიდან, რამდენი მათგანია ნაციონალური, ამ შემთხვევაში არჩევანზე მაქვს აქცენტი.ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც
ბრიტანელის განცხადებით, საქართველოში ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის კარგი რესტორანია, რაზეც კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობას და ვთხოვ ვინმეს, ვინც იცნობთ მას – ჩამოუთვალოთ ის რესტორნები, სადაც გემრიელად მომზადებული კერძები შეუძლია მიირთვას, მე თავს შევიკავებ სარეკლამო განცხადებისგან და შესაბამისად, არ ჩამოვთვლი.
ქართული კერძების სიმარტივეს როცა ახსენებს, სურვილი მიჩნდება ჩავკეტოთ სამზარეულოში და ელარჯის, ჩახოხბილის ან ხინკლის მომზადება ვაიძულოთ, შემდეგ კიდევ – ხელახლა დავუსვათ შეკითხვა, რამდენად „მარტივია“ ქართული კერძების მომზადება, თუ შემადგენლობა.
ცალკე თემაა სამზარეულოსთან ძალიან ახლოს მყოფი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციაც, მხოლოდ ის რად ღირს, დაღლილი დასავლეთში რომ ჩახვალ და მასპინძელი თან რომ გადაგყვება, პოზიტივით რომ იმუხტები და ოთახში დატრიალებული კერძების სურნელისგან თავბრუ რომ გეხვევა.
თუ კონკრეტული რესტორნების სამზარეულოების გაუმჯობეზეა საუბარი – კეთილი ვინებოთ და დავასახელოთ, რამდენიმე დაბალი ხარისხის რესტორნის კერძების ავ-კარგიანობას სრულიად საქართველოზე რომ ვანზოგადებთ.Guram Sh
და ბოლოს, თუ გვაკრიტიკებთ, გამართული ქართულით მაინც გაგვაკრიტიკეთ ძვირფასო ბრიტანელო, თუ მხარდამჭერ-მთარგმნელო ქართველებო, სათაურის სწორი ფორმაა: არასდროს შევჭამ, ორმაგი უარყოფის გარეშე.
აქვე დავამატებ, ყოველი შემთხვევისთვის: “არ მომწონს” მისაღებია და პატივსაც ვცემთ ნებისმიერი ადამიანის სუბიექტურ აზრს, თუმცა “მოსაბეზრებელი”, “უვარგისი”, “წყალწყალა” და ა.შ. – არც ისე სასიამოვნო, განსაკუთრებით, როცა ეს ყველაფერი ანალიზის და არგუმენტაციის გარეშეა ნათქვამი.
პ.ს. საჯაროდ ვეპატიჟები ბრიტანელ სტუმარს ლანჩზე რომელიმე ქართულ რესტორანში, ხოლო ამის შემდეგ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი საჯარო ბოდიშს, ქართული სამზარეულოს წინაშე!
წყარო: http://www.kvirispalitra.ge/ras-weren-chvenze/20249-ratom-aghar-shevtcam-khinkals-agharasodes-qarthuli-kerdzebis-savalalo-mdgomareoba.html