• ამ ქვეყანაში პატრონი თუ არ გყავს ვერაფერს მიაღწევ!
  • ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და ბოლოს თავისიანი აიყვანეს მაინც!
  • ორი დიპლომი მაქვს და წითელ დიპლომზე დავამთავრე სკოლაც და უნივერსიტეტიც და მაინც ვერ ვშოულობ სამსახურს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!

მსგავს კომენტარებს ალბათ ხშირად მოისმენდით გარშემომყოფებისგან, ზოგი ეთანხმებით, ზოგი ნაკლებად და მაინც, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ზემოთ ჩამოთვლილი კომენტარები?
მოდით, ვიმსჯელოთ…
პირველ რიგში, რაში გამოიხატება თქვენი ორ დიპლომიანობა და ვის აკვირვებთ იმით, რომ ბაკალავრის დიპლომი გაქვთ? აღნიშნული დიპლომი აქვთ ხალხს, რომლებმაც:

  • ჩააბარეს უნივერსიტეტში, რაკი მშობლებმა ასე ისურვეს, აცდენენ ლექციებს, მიდიან საბოლოო გამოცდაზე და იხვეწებიან 51 ქულას, ანუ ბარიერის გადალახვას;
  • არიდებენ თავს ჯარს და ამის გამო 4 ან 5-6 და 7 წელი ბაკალავრზე სწავლობენ;
  • ყოველ წელს ათიათასობით სტუდენტს, რომელიც ამთავრებს უნივერსიტეტს და რა? თქვენ ფიქრობთ, რომ კადრის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ე.წ. ხუთოსნობა და/ან მხოლოდ დიპლომია?

მომოიხედეთ გარშემო და დაინახავთ უამრავ წარმატებულ ადამიანს, რომლებმაც საკუთარი შრომის შედეგად მიაღწიეს კეთილდღეობას. არის ნათესავების და ნაცნობების დასაქმების ფაქტებიც, მაგრამ აბა დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ქეისი:
მოვიდა ორი, თანაბრად ნიჭიერი კანდიდატი გასაუბრებაზე, გვაქვს ერთადერთი განსხვავება, ერთი პირველად ვნახეთ და მის ნიჭიერებას გასაუბრების შედეგად ვასკვნით, ხოლო მეორეზე გასაუბრებასთან ერთად, გვაქვს ინფორმაცია, ვიცნობთ დიდი ხანია და ზუსტად ვიცით, რისი გამკეთებელია, ან ვინმე, ჩვენთვის ავტორიტეტული პიროვნება უწევს რეკომენდაციას, აბა რომელს აირჩევდით? დიახ, მეც. და თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ეს ნეპოტიზმია?Beggars
„ყველგან შენი კაცი უნდა გყავდეს“ – დავუბრუნდეთ აღნიშნულ გამოთქმას. საიდან ჩნდება ეს „კაცი“? აღნიშნული „კაცი“, შეიძლება იყოს:

  • ლექტორი, რომელმაც იცის თქვენი მონდომების, უნარ-ჩვევების და პასუხისმგებლობის შესახებ;
  • მეგობარი, რომელთანაც არაერთხელ დაგიმტკიცებიათ, რომ პროფესონალი ხართ
  • ყოფილი თანამშრომელი, ან დამსაქმებელი, რომელმაც იცის, როგორ მუშაობთ;
  • გარკვეულ შემთხვევებში, ნათესავი, მეზობელი, ა.შ. რომელიც ბავშვობიდან გიცნობთ და ასევე იცის თქვენი შესაძლებლობების შესახებ.

აქედან, დასკვნა, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენ გამოვიმუშავეთ, ოდესღაც, ვიღაცებს დავუმტკიცეთ ჩვენი შესაძლებლობები და კარიერის შემდგომ საფეხურებზე წინ დაგვხვდა, რა არის ამაში ცუდი და მით უფრო – სამარცხვინო?
18 წლის ასაკში, როცა მარტო ცხოვრება გადავწყვიტე და აუცილებლად მჭირდებოდა სამსახური, დავდიოდი უამრავ გასაუბრებაზე. აბსოლუტურად ყველა, უარით მისტუმრებდა.
მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ დამეწყო მოთქმა-გოდება და ცხოვრებაზე ხელი ჩამექნია, დავაკვირდი ხალხს, რომლებიც აჰყავდათ და დავფიქრდი, რით იყვნენ ჩემზე უკეთესები, დავაკვირდი შერჩევის მენეჯერების რეაქციებს ჩემ კონკრეტულ კომენტარებზე, ჩემ მომზადებულობას, ვიპოვე ლოგიკა მათ გადაწყვეტილებაში, დავეკითხე რჩევები გამოცდილ ადამიანებს და ნაცვლად წუწუნისა, დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა. 6 თვე დამჭირდა ჩემი მინუსების გამოსასწორებლად და საბოლოო ჯამში, 18 წლის ასაკშივე დავსაქმდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ხოლო 19 წლის ასაკში უკვე ბანკში.
რატომ გაქვთ ილუზია, რომ 25 წლამდე დადგებით ბირჟაზე და 26 წლიდან ეგრევე ლანგრით მოგართმევენ კარგ სამსახურს, ან იქნებით ხუთოსნები და ეს გარანტია იქნება იმისა, რომ მომენტალურად მაღალ ანაზღაურებად სამსახურში დასაქმდეთ?
ნიშნების ფურცლის ასლს გასაუბრებაზე არავინ გთხოვთ, მაგრამ გთხოვენ: გამართულ მეტყველებას, ლოგიკურ აზროვნებას, მოტივაციას კონკრეტულ პოზიციაზე, პრეზენტაბელურობას და სანდომიან ვიზუალს, კომუნიკაციის უნარს, აქტიურობას, ენთუზიაზმს, დამაჯერებლობას და დანარჩენი, გამოცდილება და ა.შ. უკვე პოზიციის შესაბამისად. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე გაქვთ? შეიძლება ძალიანაც კარგები ხართ, მაგრამ ვაკანტური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, კონკურენცია ძალიან დიდი, ანუ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე შეიძლება თქვენზე უკეთესი იყოს?
ადამიანები, საკუთარი თავის შეფასებისას, სუბიექტურები ვართ, დიდ ნაწილს თავი უნაკლო გვგონია და აგრესიულად ვრეაგირებთ კრიტიკაზე, რაც რეალურად, გვყინავს ერთ წერტილში და განვითარების პერსპექტივას გვიკლავს.
იქნებ ოდესმე გაგვინათდეს გონება და საკუთარ წარუმატებლობაში დამსაქმებლის დადანაშაულების ნაცვლად, საკუთარი ხარვეზები დავინახოთ და მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ?
სტუდენტებს, ყოფილ თანამშრომლებს, ნაცნობებს, რომელთა შესაძლებლობებიც ვიცი, მეგობრებს და ა.შ. რომლებსაც ვუწევ რეკომენდაციას სხვადასხვა კომპანიაში და ჩემ რეკომენდაციას ითვალისწინებენ, ანუ ყველა ამ ადამიანს, ამ კომპანიებში კაცი ჰყავთ (ვყავართ)?
რომელ სამსაქმებელს გვინდა, რომ უვიც ნათესავს და მეზობელს დავაქცევინოთ ბიზნესი, თუ „ბევრი ფული გვაქვს“ – ავიღებთ და ისე ვაჩუქებთ, ხოლო საქმეს რეალურად – საჭირო ადამიანებს ვანდობთ, ან თუნდაც, სულ ნათესავებს ვასაქმებდეთ, ვის ჰყავს ამდენი ნათესავი, რომ სრულიად სანათესაოთი დააკომპლექტოს კომპანიის კადრები? ბუნებრივია, არსებობენ უვიცი სამსაქმებლები, რომლებიც გაუნათლებელი და არაკომპეტენტური ნათესავების დასაქმებაზე არიან ორიენტირებულები, მაგრამ ასეთი დამფუძნებლები თუ მმართველი გუნდები – არც ისე ბევრია.
და რაც მთავარია:

  • არ დაუჯეროთ წარუმატებელ მეზობელს, რომელიც გეუბ
    ნებათ, რომ სწავლას აზრი არ აქვს, და რომ მანაც ისწავლა და ჰა შედეგი;
  • არ დაუჯეროთ დაბოღმილ ნათესავს, რომელიც ხსნას მხოლოდ საქართველოდან გაქცევაში ხედავს და აქ პერსპექტივის ყოველგვარ იმედს გიწურავთ;
  • არ დაუჯეროთ უმუშევარ ადამიანს, რომელიც გეუბნებათ, რომ სამსახურს თქვენც ვერ იშოვით, იქნება და როგორი მოთხოვნები აქვს, ან როგორია მისი კვალიფიკაცია და ზოგადი უნარები?

დაეშვით მიწაზე, იზრუნეთ საკუთარ პროგრესირებაზე და მარტივად: ხელი გაანძრიეთ და გეშველებათ!