ხშირად უკითხავთ, რატომ ვწერ მომსახურებაზე, მხოლოდ მაშინ, როცა უკმაყოფილებას გამოვხატავ და არ ვწერ მაშინ, როცა მომწონს.
რადიკალური ემოციის დროს მეწერება, როცა ძალიან ვბრაზდები, ან ძალიან ბედნიერი ვარ, სამწუხაროდ უფრო ხშირად მაბრაზებენ, ვიდრე მაბედნიერებენ 🙂 თუმცა, გუშინ, მოხდა ასეთი კარგი ფაქტი, რომელზეც არ შემეძლო არ დამეწერა.
ალბათ ყველამ იცით ფრაგოლა, ტაბიძის დასაწყისში. ეს არის ადგილი, სადაც აღმოვაჩინე, რომ ლანჩზე, აქვთ 40% ფასდაკლება გარკვეულ კერძებზე და მე, როგორც ფასდაკლებების დიდი მოყვარული, პირველად ამ ამბავმა შემიტყუა, მერე მომეწონა და დავრჩი. შაბათ-კვირას, ლანჩზე, თითქმის სულ მანდ ვარ ხოლმე…
ფრაფოლა 2
მოკლედ, გუშინ, ცხოვრების ამაოებაზე დაფიქრებული და აღრენილი, მივადექი ისევ ფრაგოლას, ქათმის სტეიკი შევუკვეთე და ვეკითხები როდის იქნება.

  • 15 წუთში – მპასუხობს ღიმილით საყვარელი მიმტანი.
  • ამას როგორ უნდა ვეჩხუბო, თუნდაც დააგვიანოს – ვფიქრობ და მაინც ვინიშნავ დროს, მალე ვარ გასაქცევი.

ზუსტად 14 წუთში მოვიდა, მივირთვი და ანგარიში მოვითხოვე, მანამდე მაგიდაც ამილაგეს და ახალი საფერფლეც მომართვეს, რომ ბოლო ღერი მშვიდ და სუფთა გარემოში მომეწია… მოულოდნელად კიბეებზე ვხედავ ამოდის ისევ მიმტანი და რაღაც საოცრება მოაქვს, ნამცხვარი, ნაყინებით, ლამაზად გაფორმებული… „მეც ხომ არ შემეკვეთა“ – ვფიქრობ და მერე მახსენდება, რომ მალე უნდა გავიდე.
მოდის და მაგიდაზე მიდებს.

  • მე ეს არ შემიკვეთავს – ვეუბნები წარბშეკრული და მწყინს, რომ ამდენი სიკეთის შემდეგ, ბოლოს მაინც აერია რაღაცები.
  • ვიცით, ეს ჩვენი განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებული ნამცხვარია, რომელიც ჩვენი საჩუქარია, ერთგული მომხმარებლისთვის.
  • ვააჰ! – ვუყურებ გაოცებული და მადლობის თქმის მეტს ვერაფერს ვახერხებ.

მერე – გაოცებული ვეხები კოვზით, ცხელი ნამცხვრიდან ცხელი და სქელი შოკოლადის ლავა გადმოდის, სახელიც „ლავა ქეიქი“ ჰქვია თურმე, მივირთმევ, ვნეტარებ და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ნეგატივის შემდეგ – ვიღაც ასე გაბედნიერებს.ფრაგოლა
და აქვე, მიზეზები, კმაყოფილი მომხმარებლისგან, რატომ უნდა ვეწვიოთ ფრაგოლას ტაბიძეზე:

  1. თავისუფლებიდან პირველივეა, სულ ორი ფეხის ნაბიჯში, ჰო და ზამთარში არ გაიყინები, გზაში, თუ თავისუფლების მოედანზე პარკინგდები
  2. ადგილები სულ არის რატომღაც და ფეხზე დგომა და ლოდინი არ გიწევს;
  3. საკვები ზუსტად დროულად მოაქვთ და ასჯერ შეხსენება არ სჭირდებათ;
  4. მომღიმარი და საყვარელი პერსონალი ჰყავთ, რომლებიც საათობით გიხსნიან დეტალებს, დაუზარებლად პასუხობენ შეკითხვებს და სხვა ბევრი რესტორნისგანგან განსხვავებით, არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი ვალი გაქვს, ან ნისიაზე ჭამ!
  5. მიმტანი დროულად მოდის და ხელების ქნევა არ გჭირდება, მათი ყურადღების მისაქცევად
  6. ძალიან გემრიელად ამზადებენ, ჯერჯერობით, რაც გამისინჯავს – ყველაფერი მომწონს
  7. ძალიან ნორმალური ფასები აქვთ, ახლომდებარე რესტორნებთან შედარებით
  8. ლანჩ მენიუზე 40%-იანი ფასდაკლებაა, კარგ რაღაცებს იღებ, ჩალის ფასად
  9. კარგი და მყუდრო გარემოა, რომ გესიამოვნება იქ გამოკვება – ისეთი
  10. გემოვნებიან მუსიკას რთავენ ხოლმე და ამის ფონზე კიდევ უფრო სასიამოვნოა გარემო. “მაჯანჯას” ფონზე ლუკმა ყელში არ გეჩხირება.
  11. აი ასეთი, მოულოდნელი სიურპრიზებით ანებივრებენ მომხმარებლებს
  12. საჩუქარი მაჩუქეს კიდევ, 50 ლარიანი ვაუჩერი ფრენის ბილეთებზე, გამომადგება, თან ახალი წელი მოდის და მოგზაურობას ვგეგმავ;
  13. ჩექ ინზე ჩაის გჩუქნიან, აღარსად ჩამივიდოდა ჩაი უკვე, თორემ დიდი სიამოვნებით გამოვკრავდი ხელს კიდევ ერთ უფასო, კარგ ამბავს;

მოკლედ, ხანდახან ბედნიერებითვის რა მცირედია საჭირო.
ჩვენიც, ანუ მომხმარებლის ვალია, გამოვთქვათ პრეტენზია, როცა რამე არ მოგვწონს და პირიქით, როცა მომსახურება კარგია – დავუფასოთ და გავუზარდოთ მოტივაცია.
ეწვიეთ თქვენც და გავუზიაროთ ერთმანეთს შთაბეჭდილება, ან თუ უკვე ნამყოფი ხართ – დაწერეთ როგორ მოგეწონათ.